მადრიდელების ბანაკში არსებული ქაოსი და არეულობა მოედანზეც მკაფიოდ გადმოდის.
ესპანეთის ლა ლიგაში უმთავრესი დაპირისპირება, “ელ კლასიკო” გაიმართა. ბარსელონა მასპინძლის რანგში რეალ მადრიდს დაუხვდა, რომელსაც მძიმე პრობლემები აწუხებს. კატალონიელებს ჩემპიონობის ოფიციალური გაფორმებისთვის ქულაც ჰყოფნიდათ, მაგრამ ასეთ შანსს ხელიდან ვერ გაუშვებდნენ. “ბლაუგრანამ” სავსე “ნოუ კამპის” ფონზე რეალი 2:0 დაამარცხა და ჩემპიონი ისტორიაში 29-ედ გახდა.
ანგარიში მე-9 წუთზე მარკუს რაშფორდმა გახსნა – ინგლისელმა საჯარიმოს მისადგომებთან დანიშნული სტანდარტი პირდაპირ კარისკენ, ცხრიანში გაუშვა და კლასიკოების ისტორიისთვის ერთ-ერთი დასამახსოვრებელი გოლი გაიტანა. მალევე, მე-18 წუთზე დანი ოლმომ მაღალი პასის შემდეგ ფერან ტორესს ბურთი ქუსლით დაუგდო და კურტუასთან პირისპირ დატოვა – ტორესმა ამჯერად აღარ ააცდინა და მატჩის საბოლოო ანგარიში მე-18 წუთზე დააფიქსირა.

მატჩში მომენტები ორივე მხარეს იყო, მაგრამ ბარსელონასი აშკარად სჭარბობდა. მე-2 ტაიმში რამდენიმე მაგარი ბურთი კურტუამ აიღო, რამდენიმე კი თვითონ კატალონიელებმა ვერ შეაგდეს, თორემ წესით, უფრო დიდი სხვაობა უნდა მიგვეღო.
რეალს ტრავმის გამო მატჩის წინა დღეს კილიან მბაპე დააკლდათ, ხოლო ჩუამენისთვის ჩხუბის შემდეგ მიღებული დაზიანების გამო გუნდს ვალვერდეც ვერ დაეხმარა. ამ და სხვა ბევრი პრობლემების ფონზე მადრიდელების მარცხი სრულიად ლოგიკური ჩანდა.
ჰანსი ფლიკის გუნდი ესპანეთის ჩემპიონი ზედიზედ მეორედ გახდა, გერმანელის ხელში კი გუნდი და მისი ახალგაზრდები უკვე მეტად პროგრესირებენ.












