ზედიზედ მეცხრე მარცხი გერმანელს იანიკისგან.
მადრიდის მასტერსის ფინალში, ერთმანეთს პირველი და მეორე განთესილები შეხვდნენ.
ზვერევმა, რომელმაც ალკარასის არყოფნით ისარგებლა და გადამწყვეტ მატჩამდე გავიდა, მთავარი ესპანური ტურნირი უკვე ორჯერ ჰქონდა მოგებული, მაშინ, როდესაც სინერი, ესპანეთის დედაქალაქში, პირველი ჩემპიონობისთვის იბრძოდა.
ისევე, როგორც მათ შორის ჩატარებული უკანასკნელი შეხვედრები, მადრიდული ფინალიც უინტერესო და ცალმხრივი გამოვიდა. 57 წუთში დასრულებულ მატჩში, ყველა სათამაშო კომპონენტში იტალიელი დომინირებდა, საბოლოო ანგარიში კი 6:1 6:2 დაფიქსირდა.
ამგვარად, სინერი გახდა ისტორიაში პირველი ჩოგბურთელი, რომელმაც ზედიზედ ხუთი მასტერსის მოგება შეძლო (შარშანდელი პარიზი, წლევანდელი ინდიან უელსი, მაიამი, მონტე კარლო და მადრიდი). აღსანიშნავია, რომ ამ გზაზე, იტალიელმა მხოლოდ ორი სეტი წააგო – მახაჩთან მონტე კარლოში და ბონზისთან მადრიდში. მიჯრით ოთხი მასტერსი, იანიკამდე სამჯერ ჯოკოვიჩს და ერთხელ ნადალს ჰქონდათ მოგებული.
მსოფლიოს პირველი ჩოგნისთვის, ეს ზედიზედ წამოღებული 23-ე შეხვედრა იყო. ზვერევს, სინერი ურთიერთშეხვედრებში უკვე 10:4-ს უგებს, მათ შორის ბოლო ცხრა მატჩი და უკანასკნელი 14 სეტი სწორედ სინერს დარჩა.
საინტერესოა, რომ ამ მომენტისთვის, იტალიელის აქტივში ცხრიდან რვა მოგებული მასტერსია, ერთადერთი ათასიანი მოუგებელი ტიტული კი საშინაო რომია, რომელიც ხვალიდან იწყება.
24 წლის ჩოგბურთელმა, კარიერაში 28-ე ტიტული (30-ე არაბულების ჩათვლით) მოიპოვა.
მიუხედავად იმისა, რომ სინერი რომის მასტერსის წინასწარ განაცხადშია, ამ მომენტისთვის ჯერ-ჯერობით უცნობია, აპირებს თუ არა საშინაო და ერთადერთი მოუგებელი მასტერსის თამაშს მსოფლიო რეიტინგის ლიდერი.











