შარლოტში ნამდვილი ბრძოლა გაიმართა, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით.
კოპა ამერიკის მეორე ნახევარფინალში ერთმანეთს ურუგვაისა და კოლუმბიის მფრინავი ნაკრებები უპირისპირდებოდნენ. მთელი ტუნრინის განმავლობაში მათგან შემტევ, ლაღ და გოლებით დახუნძლულ მატჩებს ვადევნებდით თვალ-ყურს. ამჯერად პირიქით გამოვიდა – გუნდებმა ერთმანეთი ,,დახოცეს”.
პირველივე ტაიმში ურუგვაელები უამრავ მომენტს ქმნიდნენ და გოლი ვერ გაჰქონდათ, ამიტომაც დაუწერელი საფეხბურთო კანონი ამოქმედდა. ხამეს როდრიგესი, რომელიც კოლუმბიის ნაკრებში საოცრად ,,ათიანობს”, მორიგ ასისტს აკეთებს კუთხურიდან, ჯეფერსონ ლერმა კი არაბუნებრივად მაღალ ნახტომს ასრულებს და ურუგვაელთა კარში გოლი გააქვს. მატჩის მიმდინარეობიდან გამომდინარე, რთულად სავარაუდო იყო, რომ ეს 39-ე წუთზე გასული გოლი, უკანასკნელი იქნებოდა შეხვედრაში.

თანაც, პირველი ტაიმის მიწურულს, კოლუმბიელთა დანიელ მიუნოსმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო, რამაც ურუგვაის ნაკრებს, შესვენებამდე მისცა უდიდესი უპირატესობა.
მეორე ტაიმში ბიელსას გუნდმა, უბრალოდ დაბომბა მეტოქე. ,,ელ პისტოლერო” სუარესიც კი სწრაფად დარბოდა, მაგრამ ურუგვაელები მომენტს-მომენტზე ანიავებდნენ. შიგადაშიგ, სახიფათოდ იკბინებოდა კოლუმბიაც, უმეტესად კონტრ-შეტევებზე, მაგრამ როშეტმა ლუის დიასს რამდენიმე მაგარი ბურთი აუღო. ურუგვაიმ კი, რომელმაც მეტოქე პირწმინდად დაჩაგრა, მეორე ტაიმში ბურთს 75%-ით ფლობდა და კარისკენ 10-ჯერ დაარტყა, გოლი ვერ გაიტანა და ტურნირს ნახევარფინალში გამოეთიშა.
მთლიანობაში, ორთაბრძოლებით დატვირთული, დამღლელი და ხისტი თამაში გამოვიდა. მსაჯმა ფეხბურთელებს 10 ბარათი უჩვენა, აქედან 2-ჯერ წითელი. ურუგვაელთა სათადარიგო სკამზე მყოფნა გილერმო ვარელამ, უკვე ,,აწეული” ტემპერატურის პირობებში, თავი ვეღარ შეიკავა და უშვერი სიტყვების ძახილისა და ჩხუბისთვის, გაძევაბა დაიმსახურა.
მატჩის დასრულებიდან მალევე, ერთ-ერთ ტრიბუნაზე არეულობა დაიწყო, მაინცდამაინც იქ, სადაც ურუგვაის ნაკრების ფეხბურთელთა ოჯახები ისხდნენ. ისედაც მარცხით გაბრაზებული ურუგვაელები, ტრიბუნაზე ავარდნენ და ჩხუბში ჩაებნენ. საბედნიეროდ, სიტუაცია უმსხვერპლოდ განიმუხტა, თუმცა დაზიანება ნამდვილად ბევრმა გულშემატკივარმა მიიღო. ჯერჯერობით არ არის ცნობილი, თუ რა სასჯელს მიიღებენ ტრიბუნებზე ჩხუბში ჩართული ფეხბურთელები, მაგრამ ფაქტია, რომ აღნიშნულისთვის აუცილებლად დაისჯებიან. თუ განაჩენს სამხრეთ ამერიკული ,,CONCACAF” გამოიტანს, შეიძლება სასჯელი ძალიან მძიმე არც იყოს. ვერ ვიტყვით, რომ მსგავსი ფაქტები სამხრეთულ ფეხბურთში ყოველდღიურობაა, მაგრამ რაღაცნაირად იქაური კოლორიტია. არასასიამოვნო, მაგრამ ,,დნმ-ში” ეგ ზის.

საბოლოოდ ისე გამოვიდა, რომ კოლუმბიელთა ისტორიულად წაუგებელი სერია გრძელდება და ფინალშიც არგენტინასთან დაპირისპირება მოუწევთ. საინტერესო დუელია – მესი ხამესის წინააღმდეგ. შეიძლება სასაცილოდ ჟღერს, მაგრამ აღნიშნულ ტურნირზე, კოლუმბიელთა კაპიტანი არგენტინელებისას, მინიმუმ არ ჩამოუვარდება.
ვნახოთ რა იქნება. როგორც ამბობენ, ფინალში ფავორიტი არ არსებობს.











