Centered Image

კოპა ამერიკა?! 2024 დამატებებით

საქართველოში ზაფხულის საფეხბურთო ციებ-ცხელება, სრულიად ბუნებრივად, მიმართულია ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე. ამისთვის უფრო სასიამოვნო მიზეზი ვერ იარსებებს – საქართველოს ნაკრები ისტორიაში პირველად დიდ საფეხბურთო ფორუმზე იასპარეზებს. ასევე, უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენი ნაკრები ისეთ ჯგუფში მოხვდა, საიდანაც შემდეგ ეტაპზე გასვლის საკმაოდ რეალური შანსი არსებობს და ეს ყველაფერი მოლოდინს უფრო ზრდის.

ამ ყველაფრის ფონზე, ნაკლებ ინტერესს იწვევს ის ფაქტი, რომ ევროპირველობის პარალელურად, პლანეტის დასავლეთ ნახევარსფეროში კოპა ამერიკა გაიმართება, თანაც მოულოდნელი და სასიამოვნო სიახლეებით.

კოპა ამერიკა 2024-ისთვის, გეგმის თანახმად, ეკვადორს უნდა ემასპინძლა, თუმცა, 2022 წელს ქვეყანამ უარი განაცხადა ტურნირის მასპინძლობაზე, რაც პანდემიის დროს შექმნილ ეკონომიკურ და სოციალურ კრიზისს დაბრალდა. სიტუაციით ისარგებლა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, რომელმაც კონმებოლისა და კონკაკაფის პარტნიორობის ეგიდით, მასპინძლობის სურვილი გამოთქვა და თანხმობაც მიიღო. მოგეხსენებათ, ჩრდილოეთ ამერიკის სამი ქვეყანა – აშშ, კანადა და მექსიკა 2026 წლის მუნდიალის მასპინძლები იქნებიან, შესაბამისად, კოპა ამერიკა 2024 ერთგვარი რეპეტიცია იქნება.

აღნიშნული ტურნირი განსაკუთრებული ფორმატით ტარდება და არ არის გამორიცხული, წარმატების შემთხვევაში პერმანენტული სახე მიიღოს. კოპა ამერიკაზე ტრადიციულად კონმებოლის (სამხრეთ ამერიკის ფეხბურთის ასოციაცია) 10 ქვეყანა მონაწილეობს, ამჯერად კი სამხრეთელებს კონკაკაფის (ჩრდილოეთ ამერიკის ფეხბურთის ასოციაცია) 6 წარმომადგენელი დაემატება. ესენი იქნებიან: პანამა, იამაიკა, კოსტა-რიკა, კანადა, მექსიკა და მასპინძელი აშშ. ჩრდილოეთ ამერიკის რამდენიმე ნაკრებს კოპაზე მონაწილეობა აქამდეც მიუღიათ, მაგრამ მსგავსი გაერთიანება უპრეცედენტოა. თანაც აშშ-ში ფეხბურთის პოპულარობა სწრაფად იზრდება და აღნიშნული ტურნირი ამ წამოწყებას ხელს აუცილებლად შეუწყობს.

გულშემატკივართა გასახარად უნდა ითქვას, რომ ფავორიტი ნაკრებები ტურნირზე საბრძოლო შემადგენლობებით მიემგზავრებიან. მოქმედი ჩემპიონი არგენტინა; იმედგაცრუებული, მაგრამ ამბიციური და გაახალგაზრდავებული ბრაზილია; მუდამ მებრძოლი და სახიფათო ურუგვაი; არაპროგნოზირებადობით გამორჩეული მექსიკა. ძლიერი ნაკრები იქნება მასპინძელი ამერიკაც, რომლის რიგებში უკვე ბევრი ისეთი ვარსკვლავი თამაშობს, რომლებიც წამყვანი ევროპული კლუბების ძირითადი ფეხბურთელები არიან.

ამრიგად, კოპა ამერიკა 2024 მართლაც სრულიად ამერიკული იქნება. 16 ნაკრები 4 ჯგუფშია განაწილებული, მომდევნო ეტაპზე ასპარეზობას კი 2-2 საუკეთესო ოლიმპიური სისტემით გააგრძელებს. აღნიშნული ტურნირი 20 ივნისს, არგენტინისა და კანადის ნაკრებების მატჩით გაიხსნება და ევროპის ჩემპიონატის მსგავსად, 14 ივლისს დასრულდება.

სასიამოვნოა, რომ თუ გულშემატკივარი ცოტა პრაგმატული და მძიმე ევროპული ფეხბურთით მოიწყენს, პარალელურად ლაღი და ლათინური კოლორიტით გაჯერებული ფეხბურთის ალტერნატივაც ექნება. ჩვენს ქვეყანაში სამხრეთულ ნაკრებებს უამრავი გულშემატკივარი ჰყავს და ევრო 2024-ის პარალელურად, მათი ინტერესი ოკეანის მიღმაც იქნება მიმართული.

  • “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

    “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

  • ალკარასი როლან გაროს ფინალშია

    ალკარასი როლან გაროს ფინალშია

  • პირველად 2020-ის შემდეგ

    პირველად 2020-ის შემდეგ

  • დედოფალი იგა

    დედოფალი იგა

  • იმედგაცრუება და ანტირეკორდი

    იმედგაცრუება და ანტირეკორდი

Discover more from AmbassadoriSport

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading