ქართული კალათბურთის იმედი კარიერას ოკეანის მიღმა აგრძელებს.
უკვე ოფიციალურია, რომ 17 წლის ქართველმა კალათბურთელმა მათე ხატიაშვილმა ესპანური ბასკონია დატოვა და კარიერას აშშ-ს კოლეჯების ლიგაში (NCAA) გააგრძელებს. კერძოდ, ნიჭიერი ახალგაზრდა გამთამაშებელი სამხრეთ კალიფორნიის აკადემიის პროგრამაში (So Cal Academy) ჩაერთო და წინსვლას იქ გააგრძელებს.
მათე ხატიაშვილი ესპანურ კლუბში 2023 წლიდან ირიცხებოდა, მთავარ გუნდთან ერთად კი ლიგა ენდესას 2 მატჩშიც ითამაშა. ამას გარდა ქართველმა კალათბურთელმა ასაკობრივი ნაკრებების გარდა, ეროვნულ ნაკრებშიც 4 შეხვედრის ჩატარება უკვე მოასწრო.
მათე ხატიაშვილი ქართულ კალათბურთში ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ მოთამაშედ ითვლება და მასზე დიდ იმედებს ამყარებენ. იმედია, ეს ნაბიჯი მისი კარიერის განვითარებას დაეხმარება და მათე, როგორც მოთამაშე, კიდევ უფრო გაიზრდება.










