Centered Image

ფილის უკვდავება ლოს ანჯელესში

არენის გარშემო ლეგენდარულ ჩემპიონის ადგილი გაჩნდება.

ლოს ანჯელეს ლეიკერსმა ოფიციალური განცხადებით დაადასტურა, რომ ახალ სეზონში, მათი “Crypto.Com” არენის გარეთ 11-გზის ჩემპიონი მწვრთნელის ქანდაკება აღიმართება.

80 წლის ლეგენდის ძეგლის გახსნის ცერემონია 9 აპრილს, მინესოტასთან საშინაო მატჩის დაწყებამდე გაიმართება. ფილ ჯექსონი ლოს ანჯელესურ ფრენჩაიზს ორ სხვადასხვა პერიოდში (1999-2004, 2005-11), 11 სეზონი წვრთნიდა, რა დროშიც გუნდთან ერთად 5 ჩემპიონობა იზეიმა. პირველ ჯერზე ეს მან კობი ბრაიანტისა და შაკილ ო’ნილის ვარსკვლავური დუეტით შეძლო, შემდეგ კი – კობისა და პაუ გასოლის. 

“ფილ ჯექსონი ჩემპიონობას განასახიერებს. საქმისადმი მისმა ოსტატურმა მიდგომამ ჩვენი სპორტის ისტორიაში ყველაზე გამორჩეულ ათლეტებში საუკეთესო თვისებები გამოავლინა. მას შემდეგ, რაც მამაჩემის მიწვევა მიიღო და ლეიკერსს შეუერთდა, მისმა უბადლო კრეატიულობამა და სრულყოფილებისკენ სწრაფვამ გუნდის საჩემპიონო ტრადიცია მალევე აღადგინა. მან ორგანიზაციას ხუთი ტიტული მოუტანა და ისეთი სტანდარტი დაამკვიდრა, რომელიც მომავალ თაობებს გადაეცემა. ძალიან დიდი პატივია, მისი ამ მიღწევის აღნიშვნა იმ ქანდაკებით, რომელსაც იგი ასე ძალიან იმსახურებს”, – განაცხადა ლეიკერსის მმართველმა აღმასრულებელმა და ყოფილმა მფლობელმა, ჯინი ბასმა.

ლეგენდარულმა მწვრთნელმა ლეიკერსი ფინალებში 7-ჯერ ათამაშა, საიდანაც 5 შემთხვევაში გუნდს ბეჭედი მოაგებინა. ისევე, როგორც მაიკლ ჯორდანის ჩიკაგოში, ლეიკერსთან ერთად ფილმა 2000-02 წლებში ეს ზედიზედ სამ სეზონში შეძლო, 2009-10 წლებში კი – მიჯრით ორ სეზონში. საინტერესოა, რომ ჯექსონისთვის, რომელიც ლეიკერსამდე ბულსის 6 ჩემპიობის მთავარი შემოქმედი იყო, ჩიკაგოში ძეგლი ჯერ არ დაუდგამთ. 

ფილ ჯექსონი დიდების დარბაზში 2007 წელს შეიყვანეს, ხოლო NBA-ის მიერ თავის საიუბილეო, 75-ე სეზონში (2021-22), იგი ლიგის ისტორიაში 15 საუკეთესო მწვრთნელს შორის დაასახელეს. როგორც მოთამაშემ, ჯექსონმა 1970 და 1973 წლებში მოიგო ჩემპიონობა ნიუ იორკ ნიქსის რიგებში, როგორც მწვრთნელი კი 11-ჯერ გახდა ჩემპიონი და 13 მოგებული ბეჭდით ის რედ აუერბახის შემდეგ ყველაზე წარმატებულ პერსონად რჩება ლიგის ისტორიაში.

კარიმ აბდულ-ჯაბარის, ელჯინ ბეილორის, ჩიკ ჰერნის, მეჯიქ ჯონსონის, პატ რაილის, ჯერი ვესტის, შაკილ ო’ნილისა და კობი ბრაინტის შემდეგ, ფილ ჯექსონი ლეიკერსის მე-9 წევრი იქნება, ვის ქანდაკებასაც არენის გარეთ, “Star Plaza”-ზე აღმართავენ. 

  • “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

    “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

  • ალკარასი როლან გაროს ფინალშია

    ალკარასი როლან გაროს ფინალშია

  • პირველად 2020-ის შემდეგ

    პირველად 2020-ის შემდეგ

  • დედოფალი იგა

    დედოფალი იგა

  • იმედგაცრუება და ანტირეკორდი

    იმედგაცრუება და ანტირეკორდი

Discover more from AmbassadoriSport

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading