ლეო მესისა და კამპანიას მოედნის ცენტრში ყოფილი ვიზავი დაემატება.
უკვე გაოფიციალურდა ინფორმაცია, რომ ბრაზილიელი საყრდენი ნახევარმცველი, კარლოს კაზემირო კარიერას “MLS”-ის ყველაზე პოპულარულ კლუბ “ინტერ მაიამიში” გააგრძელებს. ინფორმაციას როგორც კლუბის ოფიციალური საიტი, ასევე რამდენიმე გავლენიანი ინსაიდერიც ადასტურებს.
მიუხედავად იმისა, რომ კაზემიროს მანჩესტერში საკმაოდ წარმატებული ბოლო სეზონი გამოუვიდა და გულშემატკივრები მის დარჩენასაც კი ითხოვდნენ, ბრაზილიელმა ჩათვალა, რომ მისი ევროპული კარიერის დრო ამოიწურა და საფეხბურთო დაისური წლების გატარება მზიან მაიამიში გადაწყვიტა. ის მოედნის სიღრმეში სერხიო ბუსკეცს ჩაანაცვლებს, რომელმაც კარიერა გასული სეზონის მიწურულს დაასრულა და კაზემიროც სწორედ მისი 5 ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
კაზემიროს მაიამიში ე.წ. “განსაკუთრებული მოთამაშის” სტატუსი ექნება, რაც იმას ნიშნავს, რომ გუნდს შეეძლება მას გაცილებით მეტი ანაზღაურება გადაუხადოს, ვიდრე საშუალოდ “MLS”-ში დასაშვებია. იგივე სტატუსი ჰქონდა სერხიო ბუსკეცსაც, რომელიც ანაზღაურების სახით დაახლოებით 8 მილიონ დოლარზე მეტს გამოიმუშავებდა და კაზემიროს ხელფასიც დაახლოებით ამდენივე იქნება, რაც არ ითვალისწინებს გუნდის ოფიციალური მსუყე სპონსორებისა და პირად კომერციულ შემოსავლებს. მიუხედავად ამისა, კაზემიროს შემოსავლის მკვეთრად დაკლება მოუწია, რადგანაც მანჩესტერ იუნაიტედში გატარებულ უკანასკნელ სეზონში მან კლუბისგან ანაზღაურების სახით 23 მილიონი ფუნტ სტერლინგი გამოიმუშავა.
აქვე გავრცელდა, რომ ამ ტრანსფერის გამო “MLS”-ის სასამართლოში ინტერ მაიამის დასავლეთ სანაპიროს ჰეგემონი, ლოს ანჯელეს გალაქსი უჩივლებს, რადგანაც პირველებმა გადაბირების თაობაზე კაზემიროს თვითონ მიმართეს და დევიდ ბექჰემის მფლობელობაში მყოფი კლუბი ბრაზილიელთან არაოფიციალურ მოლაპარაკებებში დაადანაშაულეს. თვითონ კაზემირომ განაცხადა, რომ მან გალაქსის თავიდანვე აცნობა, რომ “MLS”-ში გადასვლის შემთხვევაში მისი სურვილი მხოლოდ ინტერ მაიამიში თამაში იქნებოდა და ეს მოცემულობა ორივე მხარისთვის საკმაოდ მკაფიო იყო.
ბევრის აზრით, ამ ტრანსფერით ინტერმა ამერიკულ საფეხბურთო სამყაროში დომინაცია კიდევ უფრო მკვეთრად გაიმყარა. ვნახოთ, ბრაზილიელი ყოფილ ოპონენტებთან ერთად რამდენად კარგად ითამაშებს.











