Centered Image

მასპინძლებმა ძალიან ,,გერმანულად” დაიწყეს.

ხანგრძილივი მოლოდინის შემდეგ, როგორც იქნა, 14 ივნისის საღამოს, ,,ევრო 2024″ დაიწყო. მასპინძელი გერმანიის ნაკრები შოტლანდიის საკმაოდ სიმპატიურ გუნდს, მიუნხენში, ,,ალიანს არენაზე” დაუხვდა და ბრიტანული ნაკრები პირწმინდად გაანადგურა.

გერმანელებს მომენტები საწყისი წუთებიდანვე ჰქონდათ და ჩანდა, რომ შოტლანდია ასე ვერ გაძლებდა. მე-10 წუთზე, იოზუა კიმიხის გამოზომილ, დაბალ გადაცემას საჯარიმოს მისადგომებთან ,,ბაიერ ლევერკუზენის” ლიდერმა, ფლორიან ვირცმა მარჯვენა საკმარისად კარგად მოარტყა იმისთვის, რომ ტურნირის სადებიუტო გოლი გაეტანა. მართალია შოტლანდიელთა კარის დარაჯი, ანგუს განი ბურთს შეეხო, მაგრამ ბურთი კარში მაინც შევიდა.

გერმანელებმა ზეწოლა გააგრძელეს და მეორე გოლმაც არ დაიგვიანა. ილქაი გიუნდოგანმა კაი ჰავერცის მიმართულებით საუცხოო გადაცემა შეასრულა, მთელი დაცვა მოჭრა და ,,არსენალის” ფორვარდი მეკარესთან პირისპირ დატოვა, მაგრამ ჰავერცმა არ დაარტყა, დიდებული პაუზა აიღო და მუსიალას დაუგორა, რომელმაც ბურთი კარგად გაისწორა, ამ მოძრაობითვე მცველი ჩამოიშორა და შოტლანდიელთა კარის ბადე გახვრიტა – მე-19 წუთზე უკვე 2-0.

სამწუხაროდ, ტაიმის მიწურულს განვითარებულმა მოვლენებმა ინტრიგა მოკლა. შოტლანდიელთა ცენტრალურმა მცველმა, რაიან პორტეუსმა საჯარიმოში ძალიან უხეშად ითამაშა და ილქაი გიუნდოგანს ფეხი კინაღამ მოტეხა. საბედნიეროდ ბარსელონას ნახევარმცველი ტრავმას გადაურჩა, პორტეუსმა წითელი ბარათი მიიღო, კაი ჰავერცმა კი თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა და პირველი ტაიმის საბოლოო ანგარიში, 3-0 დააფიქსირა.

როგორც გერმანელებს სჩვევიათ, მასპინძლებმა მეტოქის რბევა განაგრძეს. ,,დორტმუნდის” ნიკლას ფულკრუგი ცვლილებაზე 63-ე წუთზე გამოვიდა, 5 წუთში კი შოტლანდიელთა საჯარიმოში ბურთი იპოვა და უძლიერესი დარტყმის შემდეგ უპირატესობა ოთხ ბურთამდე გაზარდა.

მატჩის მიწურულს შოტლანდიელებმა კლასიკური, ,,ბრიტანული” გოლი შეაგდეს. სტანდარტიდან რობერტსონის ჩაწოდებულს სკოტ მაკ-კენა გამოეხმაურა, მისი დარტყმის შემდეგ ბურთი ანტონიო რუდიგერს მოხვდა და კარისკენ ისე უცნაურად აიჭრა, რომ ნოიერმა თანაგანდელი ავტოგოლისგან ვეღარ იხსნა.

მატჩის საბოლოო ანგარიში 93-ე წუთზე ემრე ჯანმა დააფიქსირა, რომელმაც საჯარიმოს მისადგომებთან მიულერის პასი მიიღო და ზუსტი, დაბალი დატყმით ბურთი ძელთან შეაცურა.

მასპინძლებმა ანგარიშით 5-1 მოიგეს, საუკეთესო შეფასება კი მიუნხენის ,,ბაიერნის” უნიჭიერესმა შემტევმა, ჯამალ მუსიალამ მიიღო. მომდევნო შეხვედრას გერმანიის ნაკრები 19 ივნისს, უნგრეთის ნაკრებთან გამართავს, შოტლანდიელები კი ხასიათის გამოსწორებას იმავე დღეს, შვეიცარიის საკმაოდ ძლიერ ნაკრებთან ეცდებიან.

  • “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

    “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

  • ალკარასი როლან გაროს ფინალშია

    ალკარასი როლან გაროს ფინალშია

  • პირველად 2020-ის შემდეგ

    პირველად 2020-ის შემდეგ

  • დედოფალი იგა

    დედოფალი იგა

  • იმედგაცრუება და ანტირეკორდი

    იმედგაცრუება და ანტირეკორდი

Discover more from AmbassadoriSport

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading