მე-2 ტურის შემდეგ უკვე ერთ-ერთი მასპინძელი ოფიციალურად გახდა პირველი გუნდი, რომელმაც პლეი-ოფის საგზური მოიპოვა.
2026 წლის მუნდიალზე მე-2 ტურის მატჩები მასპინძლებისთვის ძალიან წარმატებულად წარიმართა. ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში, თანამასპინძელმა კანადამ ვანკუვერში ყატარს უმასპინძლა, რომელმაც შვეიცარიის წინააღმდეგ პირველ ტურში ბოლო წუთზე გაათანაბრა და მცირე საოცრებაც გამოუვიდა, მითუმეტეს თუ გავითვალისწინებთ იმას, თუ რამხელა უპირატესობა ჰქონდათ ევროპელებს. ამჯერად, კანადამ ყატარი ძალიან დიდი ანგარიშით, 6:0 დაამარცხა და მუნდიალის ისტორიაში პირველი გამარჯვება მოიპოვა.

უნდა აღვნიშნოთ, რომ ყატარის ნაკრებს არბიტრმა 2 ფეხბურთელი გაუძევა – ჯერ ჰომამ ალ’ამინმა მიიღო წითელი ბარათი 33-ე წუთზე, 53-ე წუთზე კი უკვე ასიმ ომერ მადიბომ დატოვა მოედანი დროზე ადრე.
ასევე სამწუხაროა, რომ უკვე თითქმის მოგებულ მატჩში ისმაელ კონემ ფეხი მოიტეხა და მოედნის დატოვება საკაცით მოუხდა. შესაბამისად, მუნდიალსაც დაემშვიდობა, თუმცა მიუხედავად ამისა, საკაციდან ამხნევებდა და აგულიანებდა გულშემატკივრებს.

კანადის ეროვნული ნაკრების ფორვარდმა და ლიდერმა, ჯონათან დევიდმა ჰეთ-თრიკი გაიფორმა, თითო გოლი კი კაილი ლარინმა და ნათან სალიბამ გაიტანეს, ხოლო ერთი ბურთ საკუთარ კარში მუჰამედ ალ მანაიმ ჩაჭრა. მე-4 გოლი, რომელიც სალიბამ გაიტანა, მიმდინარე მუნდიალზე პირველი გოლი აღმოჩნდა, რომელიც პირდაპირ საჯარიმო დარტყმიდან გავიდა.
კანადის ნაკრებმა ამ გამარჯვებით უკვე 4 ქულა და +6 ბურთების სხვაობა დააგროვა, რაც 90%-იანი ალბათობით ჯგუფიდან გასვლას ნიშნავს.

მოგვიანებით ითამაშა მე-2, უფრო სამხრეთელმა მასპინძელმა. გვადალახარაში მექსიკის ნაკრები სამხრეთ კორეას დაუპირისპირდა და ცოტა მოსაწყენ, თუმცა დაძაბულ მატჩში 1:0 დაამარცხა და უკვე დაგროვებული 6 ქულით გახდა პირველი გუნდი, რომელმაც ოფიციალურად გაიფორმა 1/16 ფინალის საგზური.

ერთადერთი გოლი ლუის რომომ 50-ე წუთზე გაიტანა. საჯარიმოში ჩაწოდების შემდეგ კორეელთა მეკარემ, სეუნ-გიუმ უხეში შეცდომა დაუშვა, ბურთი დაუვარდა და თითქმის ცარიელ კარში რომომ გაიტანა.
ერთი მასპინძელი უკვე გავიდა, მე-2 თითქმის გასულია, მე-3 და უმთავრესი მასპინძელი კი თავის რიგს ელოდება.











