საფრანგეთი დომინანტია, ურუგვაიმ აურია, ბელგიამ კი როგორც იქნა, კარგად ითამაშა.
დავიწყოთ I ჯგუფით, სადაც ტურნირის უმთავრესი ფავორიტი, საფრანგეთი თამაშობს. მწვრთნელის გარეშე მყოფმა “მამლებმა” დასვენების მიზნით მე-2 შემადგენლობით მოთამაშე ნორვეგიის ნაკრებს ძალიან მარტივად, ეფექტურად და დომინანტურად 4:1 მოუგო.
მატჩის სტარტზევე ფრანგულმა შეტევამ დომინაცია გამოავლინა და რისკის ზღვარზე, ზემოთ ამოწეული დაცვის ხაზით მოთამაშე ნორვეგიის ნაკრებს 2 გოლი უსწრაფესად გაუტანა – მე-7 და 20-ე წუთზე დუბლი უსმან დემბელემ შეასრულა, 21-ე წუთზე კი ნორვეგიელებმა 1 ბურთი გაქვითეს – ტელო ოსგორმა საკმაოდ ეფექტური გოლი შეაგდო, გაბითურებულის როლში კი შეცდომებში ხშირად შემჩნეული დაიო უპამეკანო აღმოჩნდა.
ფრანგებმა მეტოქეს არ აკმარეს და 32-ე წუთზე უსმან დემბელემ საერთოდ ჰეთ-თრიკი შეასრულა. მე-2 ტაიმი ფრანგებმა კიდევ უფრო მშვიდად გააგრძელეს და მატჩის მიწურულს წერტილი დასვეს, როცა ბრედლი ბარკოლას პასით დეზირე დუემ თავუდი შეაგდო.
ფრანგები ჯგუფიდან 9 ქულით, პირველი ადგილით გავიდნენ და მეტოქედ შვედეთის ნაკრები ერგოთ, რომელიც სასიამოვნო მეტოქე ნამდვილად არ იქნება, მაგრამ ბუნებრივია, რომ ფრანგები აშკარა ფავორიტები არიან.

2 მარცხ განცდილმა სენეგალის ნაკრებმა კი ერაყის ნაკრებს გადაუარა და 5:0 მოუგო. დუბლი პაპე გეიემ შეასრულა, თითო გოლი კი ჰაბიბ დიარამ, ისმაილა სარმა და ილმან ნდიაიემ გაიტანეს. სენეგალის ნაკრებმა 5 ბურთიანი მარცხის წყალობით ბურთების ბალანსში +2 დააფიქსირეს, მე-3 ადგილოსანთა შორის მდგომარეობა მკვეთრად გაიუმჯობესეს და შემდეგ ეტაპზე გასვლა დაიმსახურეს, თუმცა ჯერ მეტოქეს ელოდებიან.

საინტერესოდ განვითარდა მოვლენები H ჯგუფში. ურუგვაის ნაკრები ესპანეთს დაუპირისპირდა და 1:0 დამარცდა. ამ მატჩში აშკარად გამოჩნდა, რომ ურუგვაელთა რიგებში არეულობაა. ჯერ იყო და ბიელსამ მე-2 ტაიმის სტარტზე მეკარე, ფერნანდო მუსლერა შეცვალა. მართალია, გოლში დიდწილად დამნაშავე ის იყო, მაგრამ შეცვლა მეტისმეტია. ასევე, მაშინ როცა გუნდს სასწრაფოდ გოლი სჭირდებოდა, 55-ე წუთზე ფედე ვალვარდე გაიყვანა. სამწუხაროდ, შეხვედრა არ გამოვიდა სანახაობრივი, თუმცა უშეღავათო ბრძოლა გაიმართა, რაც უხეშობაშიც გადაიზარდა – არბიტრს ფეხბურთელებისთვის 4 ყვითელი და 1 წითელი ბარათის ჩვენება მოუხდა, თუმცა მეტიც შეიძლებოდა. ერთადერთი გოლი 42-ე წუთზე ალექს ბაენამ გაიტანა, როცა მისი არც თუ ისე ძლიერად დარტყმული ბურთი გამოცდილმა მუსლერამ ვერ შეიმაგრა და გოლი გაუშვა.

მე-2 მატჩში კაბო ვერდემ სასწაული ჩაიდინა, საუდის არაბეთის ნაკრებთან ფრედ, 0:0 ითამაშა და ჯგუფში მე-2 ადგილი დაიკავა, რაც ამ მუნდიალზე მთავარი სენსაციაა. მართალია, ამრიგად კაბო ვერდე არგენტინის ნაკრებს ხვდება, მაგრამ ამ გუნდმა მთავარ მიზანს მიაღწია და ისტორია დაწერა. ესპანელები მეტოქეს ელოდებიან მე-3 ადგილოსანი ურუგვაი კი 2 ქულით ვერსად ვერ გავა ტურნირს დაემშვიდობა.

G ჯგუფში საქმე მოსალოდნელად წავიდა. ბელგიის ნაკრებმა ახალი ზელანდიის ნაკრებს 5:1 გადაუარა და ჯგუფში პირველი ადგილი გაინაღდა. ლეანდრო ტროსარმა დუბლი შეასრულა, თითო გოლი კი კევინ დე’ბრუინმა, რომელუ ლუკაკუმ (სანაკრებო დონეზე 91-ე გოლი) და ალექსის სალემაკერსმა გაიტანეს, ზელანდიელთა მხრიდან კი თავი ელაიჯა ჰენრი ჯასტმა გამოიჩინა 84-ე წუთზე, მაშინ, როცა ანგარიში ჯერ კიდევ 3:0 იყო. ბელგიელები მეტოქეს დაელოდებიან, ახალი ზელანდია კი საკუთარ კუნძულებზე ამაყი 1 ქულით დაბრუნდებიან.

მე-2 მატჩში ირანი და ეგვიპტე უპირისპირდებოდნენ ერთმანეთს. მატჩი საოცრად დრამატული აღმოჩნდა. ეგვიპტელთა მაჰმუდ საბერმა ანგარიში მე-5 წუთზე გახსნა, რის შემდეგაც აზიელები მასიურად უტევდნენ. მე-11 წუთზე მეჰდი ტარემიმ პენალტი ვერ შეაგდო და სიტუაცია კიდევ უფრო დაამძიმა, მაგრამ აქედან 3 წუთში რამინ რეზაეიანმა გაათანაბრა და მატჩი დასტაბილურდა.
ირანმა ბოლო წუთებზე გაიბრძოლა და მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გოლიც კი გაიტანა მაგრამ არ ჩაუთვალეს.

ჯგუფში პირველი ადგილი ბელგიის ნაკრებმა დაიკავა და მეტოქეს ელოდება, ეგვიპეტელები კი 5 ქულით მე-2 ადგილზე გავიდნენ და ავსტრალიის ნაკრებს დაუპირისპირდებიან, სადაც ფავორიტის დასახელება რთული იქნება. მე-3 ადგილზე გასულ ირანის ნაკრებს 3 ქულა და 0 ბურთების ბალანსი აქვს, მაგრამ იმის შანსი, რომ 8 საუკეთესო მე-3 ადგილოსანს შორის აღმოჩნდეს, საკმაოდ დიდია.










