აგვისტოს მატჩებში მოპოვებული ეფექტური გამარჯვებები ძიკიჩის გუნდზე მკვეთრად აისახა.
საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ფიბას ტრადიციულ რეიტინგში 5 ადგილით დაწინაურდა და ეს მთელს კლასიფიკაციაში ყველაზე დიდი წინსვლაა. მსოფლიო კალათბურთის მმართველი ორგანიზაცია აღნიშნულ რეიტინგს მსოფლიოს 2027 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩების პარალელურად ადგენს და მას საბოლოო შედეგებზე არანაირი გავლენა არ აქვს, თუმცა, გუნდების მდგომარეობაზე გარკვეულ წარმოდგენას გვიქმნის.
ალეკსანდარ ძიკიჩის გუნდი აგვისტოს საკვალიფიკაციო ფანჯრის წინ 24 ნაკრებს შორის მე-16 ადგილზე იყო, მონტენეგროსთან და პორტუგალიასთან მოგებების ხარჯზე კი, მე-11 პოზიციაზე გადაინაცვლა და არაერთ ძლიერ ნაკრებს უსწრებს (მაგალითად, საბერძნეთს, ლიეტუვას, სლოვენიასა და ლატვიას).
საქართველოს მსგავსად, რეიტინგში 5 ადგილით დაწინაურდა სლოვენიის ნაკრებიც, ყველაზე დიდი უკუსვლა (-6) კი საკვალიფიკაციო ციკლში ჩვენი გუნდის ერთ-ერთმა მეტოქემ, მონტენეგრომ განიცადა. სხვა მოწინააღმდეგეებიდან უკრაინა მეშვიდეა, ესპანეთი – მე-8, საბერძნეთი – მე-12, ხოლო პორტუგალია – მე-14.
საინტერესოა, რომ საქართველოს ნაკრების ჯგუფის 5 წევრი მოწინავე თოთხმეტეულში მოხვდა, რაც ამ ჯგუფის პოტენციალზე მეტყველებს. კვალიფიკაციის საუკეთესო ხუთეული ასე გამოიყურება: თურქეთი, საფრანგეთი, გერმანია, სერბეთი, ხორვატია.
ამ დროისთვის, მე-2 საკვალიფიკაციო ჯგუფს 6 მოგებითა და 2 მარცხით უკრაინა ლიდერობს, ესპანეთსა და საქართველოს 5-5 გამარჯვება აქვთ, პორტუგალია, საბერძნეთი და მონტენეგრო კი თანაბარ ბალანსზე (4-4) არიან. ძიკიჩის გუნდს მომდევნო მატჩები შემოდგომაზე ელის: 26 ნოემბერს ბერძნებს ვესტუმრებით, 29 ნოემბერს კი პორტუგალიას ვუმასპინძლებთ.
წარმატებები საქართველოს საკალათბურთო ნაკრებს!










