ქართველის წარმატებული აზიური სერია გრძელდება.
ალმათის 250-იანის მეოთხედფინალურ სტადიაზე, ნიკოლოზ ბასილაშვილი ადრიან მანარინოს დაუპირისპირდა და უშანსოდ – 6:3 6:1 დაამარცხა.
მატჩში, რომელიც საათზე ოდნავ მეტ ხანს გაგრძელდა, ვეტერანმა ფრანგმა ვერც ერთი ბრეიკის შესრულება ვერ შეძლო, მაშინ, როდესაც ნიკამ, თავისი რვა შანსიდან ოთხის გამოყენება მოახერხა.
ქართული ჩოგბურთის მრავალწლიანი ლიდერი, ფრანგთან ურთეირთშეხვედრებში 1:3-ს აგებდა, ასე, რომ ჩამორჩენის მინიმუმამდე დაყვანაც მოხეხრდა. საინტერესოა, რომ შემდეგ მეტოქესთანაც, ნიკოლოზს ანალოგიური ბალანსი აქვს. განსხვავება კი ისაა, რომ ეს მეტოქე მანარინოსთან შედარებით გაცილებით ტიტულოვანი სტეფანოს ციციპასია. მიუხედავად ბოლოდროინდელი კრიზისისა, ბერძენს, რეგალიებად ჯერ კიდევ რჩება ATP-ს დონეზე 31 ფინალი, მათ შორის ორჯერ დიდ სლემებზე, ასევე 13 მოგებული ტიტული და თავის დროზე, მსოფლიოს რეიტინგში მესამე პოზიცია.
შეგახსნებთ, რომ ნიკა, ნახევარფინალურ სტადიაზე ამ სეზონში უკვე მეორეჯერ გავიდა, ორივეჯერ ეს აზიურ სერიაზე მოხდა. წინა შემთხვევაში, ჩენდუს ტურნირზე, ბასილაშვილმა აზიაში, ამ სეზონში ფაქტობრივად დაუმარცხებელ დავიდოვიჩ ფოკინასთან იქვნია მარცხი გადამწყვეტ სეტში.
ATP-ს დონეზე, ფინალში, ნიკოლოზი უკანასკნელად 2022 წელს, დოჰას ტურნირზე იყო, ხოლო ბოლო ტიტული 2021 წელს, მიუნხენში მოიპოვა.










