2 გზის მსოფლიო ჩემპიონი ბრონკანს დაეხმარება.
ახალ ზელანდიელი ვეტერანი მორაგბე, ორგზის მსოფლიო ჩემპიონი, ჯერომ კაინო, ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბს შეუერთდა.
43 წლის სპეციალისტი პიერ-ანრი ბრონკანის გუნდს ნოემბრის ტესტებზე შეუერთდება და ასისტენტ მწვრთნელად იმუშავებს.
კაინო 2004-2018 წლებში ოკლენდისა და ბლუზის რიგებში თამაშობდა, კარიერის მიწურულს კი საფრანგეთს მიაშურა და ბოლო სამი სეზონი ტულუზაში გაატარა.
მესამეხაზელმა 2004 წელს ჯუნიორ ოლ ბლექსთან ერთად 21-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო და იმავე წელს 21-წლამდელთა საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. იმავე წელს კაინოს ოლ ბლექსში უხმეს, რომელთან ერთადაც ორჯერ მოიგო მსოფლიო თასი – 2011 და 2015 წლებში, ხუთჯერ კი რაგბი ჩემპიონშიფის გამარჯვებული გახდა (2008, 2010, 2014, 2016, 2017). 2011 წელს ის ახალი ზელანდიის წლის საუკეთესო მოთამაშეც გახდა.

რაც შეეხება საკლუბო მიღწევებს, 2019 და 2021 წლებში ჯერომი ტოპ 14-ის ჩემპიონი გახდა, 2021 წელს კი ჩემპიონთა თასსაც დაეუფლა და მოთამაშის კარიერა დაასრულა. კაინო ტულუზაში დარჩა, სადაც ბოლო ხუთი წელია 21-წლამდელთა გუნდის მწვრთნელად მუშაობს. ის ფრანგულ გრანდში რჩება და პარალელურად, ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბსაც გააძლიერებს.
წარმატებები ჯერომ კაინოს! იმედია, თავის ჩემპიონურ გამოცდილებასა და ჟინს ჩვენს ბიჭებს სწორად გაუზიარებს!










