“საუზ პარიზ არენაზე” ნამდვილი დრამა დატრიალდა. იაპონიის საფრენბურთო ნაკრები, სათამაშო სპორტებში ერთ-ერთ მთავარ ოლიმპიურ სენსაციასთან იყო ახლოს. მაგრამ არ გამოვიდა.
მამაკაცთა თანრიგში, დიდ ფრენბურთში უკვე მეოთხედფინალური სტადიებია. იაპონია, რომელიც ისტორიულად არ გამოირჩევა გრანდიოზული მიღწევებით სპორტის ამ სახეობაში, ჯგუფიდან დიდი გაჭირვებით, წლევანდელ სეზონში უსუსტესი არგენტინის წინააღმდეგ მოგებული ერთადერთი მატჩით და მესამე ადგილით გაძვრა.
იტალია, თავის მხრივ, ტურნირის მთავარი ფავორიტი იყო, რაც თითქოს სიკვდილის ჯგუფის მოგებითაც დადასტურდა. “სკუადრა აძურას” უპირობო ფავორიტობას საბუკმეიკერო წინასწარი ფსონებიც ადასტურებდა – 1.13, იაპონელების 5.1-ის წინააღმდეგ.
ყველაფერი კი ამომავალი მზის ქვეყნის მიერ ორი მოგებული სეტით დაიწყო – ნიშიდა და იშიკავა აცილებაზე უარს ამბობდნენ, რომანომ და მიკიელეტომ კი პირიქით, აუტები და ბადე დაცხრილეს.
ყველაფერი ანგარიშამდე 21:24 მივიდა – იოპინიის სამმაგი მატჩპოინტით. იტალიამ ჯერ მიღებაზე ქულა დაიცვა, შემდეგ კი ორი ბრეიკის შესრულების აუცილებლობის წინაშე დადგა.
ბრეიკი პირველი: სიმონე ჯიანეტი გამორბის და ზერისკიანი ჩაწოდებით ეისს ასრულებს.
ბრეიკი მეორე: მიკიელეტო იაპონელის არცთუ ურიგო დარტყმულზე ხტება და თავისი უსაშველოდ გრძელი ხელების კიდევ უფრო უსაშველოდ გრძელი თითებით ბურთს ბლოკავს – ანგარიში 24:24 -ია. შემდეგ კიდევ ერთი ქულა და სეტპონტი ფავორიტებს. იშიკავა რაღაც ზებუნებრივ ძალებს პოულობს საკუთარ თავში და ანდერდოგებს არ აძლევს იმის უფლებას, რომ უპირატესობის ხელიდან გაშვებამ გუნდი აჭრას, თუმცა აქ კიდევ ერთი ბლოკი – ზედიზედ ორი ქულა და გამოგლეჯილი მესამე სეტი იტალიის ყულაბაში.

საერთოდ უნდა აღინიშნოს, რომ ბლოკი იტალიას სასწაულად უმუშავებდა, იაპონიას კი სრულიად ატროფირებული ჰქონდა – 15:2, რაც თავის მხრივ, გუნდებს შორის გაბარიტებში სხვაობითაც აიხსნება.
ლურჯებმა მოსალოდნელი გარღვევით დაიწყეს მეოთხე სეტი. თითქოს ყველაფერი ამავე რეჟიმში უნდა გაგრძელებულიყო, მაგრამ იაპონია რისი იაპონია იქნებოდა, რომ არა ამჯერად უკვე მათი ქამბექი. ერთი ბრეიკი მეორეს მიყოლებით სრულდებოდა და აი ანგარიშიც 25:25. თუმცა აქ მიკიელეტოს დროც დადგა ტყვია დარტყმა და ქულა ვარსკვლავს. სეტპოინტზე იტალიის ბლოკი ისევ მუშაობს, ლავიასაც ახსენდება ვარკსვლავური სტატუსი და 27:25. მატჩი მეხუთე სეტში გადადის.
გადამწყვეტ პარტიაში ასევე სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა გაიმართა. ინიციატივას, ისევე როგორც მატჩში, დისაიდერშიც ამომავალი მზის ქვეყნის ბიჭები ფლობდნენ. ნიშიდამ ისევ ჩართო გამანადგურებლის რეჟიმი. თუმცა იტალიამ ისევ დააქამბექა. თანაბარ დასასრულში მატჩპოინტები გაიცვალა, 16:15-ზე კი იტალიელებმა იყოჩაღეს, შეხვედრის ბოლო სამი ქულა აიღეს და ტურნირის მატჩიც უდრამატულეს ვითარებაში წამოიღეს.
იტალიის მეტოქე ფრანგებისა და გერმანელების დუელში გაირკვევა, ხოლო ბადის მეორე მხარეს, პოლონელები ბრაზილიისა და შტატების წყვილის გამარჯვებულს ელიან.











