პირველად ბოლო ოთხ წელიწადში, ბასილაშვილმა ATP-ს დონეზე ნახევარფინალური საგზური მოიპოვა.
ჩენდუს ტუნრირი, ნიკასთვის კვლავ სეტის წაუგებლად მიმდინარეობს. ქართველის მორიგი მსხვერპლი ჯენსონ ბრუქსბი გახდა. საათნახევარში, ნიკოლოზმა მეტოქე 6:5 7:6 დაამარცხა და კარიერის მეექვსე ტიტულისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა.
შეხვედრა ბასილაშვილმა ბრეიკით დაიწყო, რომელიც სეტის ბოლომდე უპრობლემოდ მიიტანა. ნაადრევად წაართვა ჩაწოდება ნიკამ ამერიკელს მეორე პარტიაშიც, თუმცა 5:3-ზე, ქართველი ტურნირზე პირველად დააბრეიკეს და თამაში ტაიბრეიკამდე მივიდა. მიუხედავად ხელიდან გაშვებული უპირატესობისა, ნიკას თავდაჯერებამ არ უმტყუნა და ორი მინიბრეიკით, მეცამეტე გეიმიც დამაჯერებლად მოიგო – 7:4.
გამოსარჩევი კვლავაც ნიკას ჩაწოდებებზე ნაჩვენები ციფრებია – 9 ეისი და პირველი ბურთის მოგების 74%-იანი მაჩვენებელი.
ფინალისთვის ბრძოლაში, ბასილაშვილის მეტოქე ალეხანდრო დავიდოვიჩ ფოკინა იქნება, რომელმაც კარიერის პირველი ტურნირი სწორედ ამ სეზონში, მალიორკაში მოიგო, თუმცა მას შემდეგ, ტრავმის გამო თითქმის არც უასპარეზია. ერთადერთ ურთიერთშეხვედრაში, 2021 წელს, სამსეტიანი, უმძიმესი გამარჯვება სწორედ ქართველს აქვს მოპოვებული. უკანასკნელად, ფინალში, ბასილაშვილი 4 წლის წინ, დოჰას ტურნირზე იყო.










