აფრიკელებთან უმძიმესი ბრძოლების შემდეგ მესის ჭიდაობა ჯანიან ევროპელებთან მოუწევს.
მსოფლიოს ჩემპიონატის 1/8 ფინალური ეტაპის ბოლო მატჩში ერთმანეთს კოლუმბიისა და შვეიცარიის ნაკრებები არკვევდნენ. გამარჯვებული მესის არგენტინაზე გადიოდა და სასწორზე ორივესთვის საკმაოდ ბევრი იდო. “ალბისელესტეს” ფეერიული და დრამატული შოუს შემდეგ დასკვნითი მერვედფინალი ამ სათამაშო დღისთვის ცოტა შეუფერებელი, უღიმღამო გამოვიდა და მატჩის ბედიც პენალტების სერიაში გადაწყდა.
თამაშს კანადის დასავლეთით, ქალაქმა ვანკუვერმა უმასპინძლა, საკმაოდ გრილოდა, თუმცა “წყლის შესვენება” მაინც საჭირო “აღმოჩნდა”. საბოლოოდ, ამ თანაბარ და ფრთხილ მატჩში პენალტების სერია ევროპელებმა 4:3 მოიგეს და 1954 წლის, ანუ საშინაო მუნდიალის შემდეგ, პირველად გავიდნენ 1/4 ფინალურ ეტაპზე.

მატჩამდე დიდი დანაკლისი ჰქონდა მურატ იაკინის გუნდს – ბოლო ვარჯიშზე მუხლი დაიზიანა ჟოან მანზამბიმ და შვეიცარიელთა ახალი ლიდერი კოლუმბიასთან მატჩის განაცხადშიც ვერ მოხვდა, ისევე, როგორც სხვა ტრავმირებულები – ხაკესი და ებიშერი.
პირველ ტაიმში კოლუმბია უკეთესი იყო, თუმცა ერთი საგოლე შანსიც არ ყოფილა, არც ერთ კართან. მე-2 ტაიმშიც დაახლოებით იგივე გამეორდა, ერთი განსხვავებით – ახლა ოდნავ უკეთესი შვეიცარია იყო, თუმცა საგოლე მომენტი არც ამ ტაიმში ყოფილა. დაინიშნა დამატებითი ტაიმები.
პირველი დამატებითი ტაიმი, რომელშიც ასევე არ გასულა გოლი, გაცილებით სანახაობრივი გამოდგა, ვიდრე წინა 90 წუთი, ვიხილეთ მეკარეების ფანტასტიკური “სეივები”. მთავარი მომენტი კოლუმბიელთა შემტევს ჰქონდა – შვეიცარიელთა დაცვამ უგულისყუროდ ჩააბარა მეკარესთან პირისპირ დარჩენილ მეტოქეს ბურთი, ხამინტონ კამპასმა კი ცხოვრების შეცვლის შანსი ხელიდან გაუშვა და ბურთი კარს ზემოდან გადააცილა. საბოლოოდ ყველაფერი პენალტების სერიამდე მივიდა.

შვეიცარიელთა მხრიდან თერთმეტმეტრიანები გრანიტ ჯაკამ, ზეკი ამდუნიმ, ზეკი იტერმა და რუბენ ვარგასმა გაიტანეს, მანუელ აკანჯიმ კი კარს ზემოდან გადააცილა და გუნდი კინაღამ დაღუპა.
კოლუმბიელებს მხოლოდ 3 ზუსტი დამრტყმელი აღმოაჩნდათ – ხუან კინტერო, ზემოთხსენებული ხამინტონ კამპასი და ლუის დიასი. კაპიტნის სამკლაურით მოთამაშე დავინსონ სანჩესმა უძლიერესი დარტყმა ხარიხას გაარტყა, კუჩო ერნანდენს კი კობელმა აუღო – გადამწყვეტი სწორედ ეს აცილება გამოდგა.

ამრიგად, მუნდიალის ბოლო 1/4 ფინალური წყვილიც შედგა. 12 ივლისს შვეიცარია კანზას-სიტიში არგენტინის ნაკრებს დაუპირისპირდება, რომელიც საკმაოდ დაღლილი, მაგრამ ამასთანავე ძალიან დამუხტულია და რაც მთავარია, მესი ჰყავს. ამიტომაც, ფავორიტი რა თქმა უნდა არგენტინა იქნება.











