სანდრო მამუკელაშვილმა საპლეიოფო მატჩში კარიერის ახალი რეკორდი დააფიქსირა.
სანდრო მამუკელაშვილის ტორონტო რეპტორსი საპლეიოფო სერიის მე-2 მატჩში კლივლენდ კავალიერსს დაუპირისპირდა. პირველი მატჩისგან გასხვავებით, სადაც რეპტორსი უფრო მარტივად დაეცა, ეს უფრო დაძაბული შეხვედრა გამოვიდა, მაგრამ გამარჯვება ისევ მასპინძლების ხელში აღმოჩნდა. კლივლენდმა მე-2 საშინაო მატჩი 115:105 მოიგო და სერიაში ანგარიში 2:0 წაიყვანა.

ისევ გამორჩეული და სამაგალითო იყო კლივლენდის დაცვა და შესამჩნევად ნელი ტემპი, რომელიც გუნდის უკანახაზელ ლიდერებზე, პირველ რიგში, ჯეიმს ჰარდენსა და დონოვან მიტჩელზეა მორგებული. ლიდერებმაც დამაჯერებელი მატჩი ჩაატარეს – მიტჩელმა 30 ქულა ჩააგდო, ჰარდენმა კი 28 და პლიუს ამას 5 ჩაჭრაც ჰქონდა, რაც მისთვის ცოტა უჩვეულოა. გამორჩეულად კარგი იყო ევან მობლი, რომელმაც 25 ქულა და 8 მოხსნა ისე გააკეთა, რომ მხოლოდ 2 სროლა გააფუჭა და დაცვის ხერხემალი იყო.

სანდროს ამჯერად გამორჩეული მატჩი გამოუვიდა. მამუმ პარკეტზე 21 წუთი დაჰყო და ამ დროში 12 ქულა, 10 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა გააკეთა. მამუმ 8 მცდელობიდან 5 სროლა გამოიყენა და ბურთი 2-ჯერ დაკარგა, თავის გუნდში კი ყველაზე მაღალი, +7 მაჩვენებელი ჰქონდა. საპლეიოფო კარიერაში მამუმ პირველად დააფიქსირა ორნიშნა ქულათა მაჩვენებელი და ასევე პირველად შეასრულა ორმაგი დუბლი – ამ შედეგით ის საერთოდ ორივე გუნდში ერთადერთი იყო.

საშინელი მატჩი ჩაატარა ბრენდონ ინგრამმა, რომლის ანგარიშზეც 15 მცდელობიდან მხოლოდ 3 ზუსტი სროლა და 5 დაკარგვა იყო. ჯამურად, მხოლოდ 7 ქულა, 4 მოხსნა და 3 პასი – ფაქტიურად, არაფერი. 26 ქულა ჰქონდა სკოტი ბარნსს, 22 ქულა და 9 მოხსნა კი არ ჯეი ბარეტმა აკრიფა – სამწუხაროდ, ეს ყველაფერი საკმარისი ვერ აღმოჩნდა.

სერიის მე-3 მატჩი უკვე ტორონტოში, 24 აპრილს გაიმართება, სადაც მასპინძელს უკვე აუცილებლად ექნება მოსაგება, რათა სერიას ინტრიგა რაც შეიძლება მეტი ხნით შეუნარჩუნოს.
წარმატებები სანდრო მამუკელაშვილს!











