ერთი შეხედვით უსახური აფიშის მქონე მატჩი, ნიდერლანდების ჩემპიონატის ისტორიაში ჩაეწერა.
ერედივიზიის მეხუთე ტურის შეხვედრაში, რომელიც “ტელსტარსა” და “კამბურს” შორის გაიმართა, მასპინძლების მეკარემ, რონალდ კუმან უმცროსმა ორი პენალტი გაიტანა და გახდა ჩემპინატის ისტორიაში პირველი მეკარე, რომელმაც დუბლის შესრულება მოახერხა.
აღსანიშნავია, რომ მასპინძლები, 22-ე წუთიდან, ისლანდიელი ტორისონის გაძევების გამო, უმცირესობაში იყვნენ, ხოლო მესამოცე წუთისთვის უკვე 0:2-საც აგებდნენ, თუმცა მოულოდნელმა გმირმა, “ტელსტარს” ქულა გადაურჩინა.

ჯერ 63-ეზე, ხოლო შემდეგ კი მსაჯის მიერ კომპენსირებულ მეთერთმეტე წუთზე, ლეგენდარული მცველის შვილმა თერთმეტმეტრიანების რეალიზება შეძლო და გუნდი წაგებისგან იხსნა.
31 წლის კიპერი, “ტელსტარის” შემადგენლობაში უკვე მეექვსე წელია ასპარეზობს. გუნდთან ერთად, მან გასულ სეზონში, მეორე ლიგიდან ამოსვლა შეძლო, თუმცა ძირითადი პენალტისტის როლი მხოლოდ ახლახანს მოირგო. აქამდე, უმცროს კუმანს, ნიდერლანდების ორ უმაღლეს ლიგაში ერთადერთი გოლი, გასულ სეზონში ჰქონდა გატანილი.










