იტალიამ მოქმედ ჩემპიონს გადაუარა და ისტორიაში პირველი ოლიმპიური ოქრო აიღო.
ხულიო ველასკოს გაწვრთნილმა გუნდმა, ტანკივით გადათელა ყველა მეტოქე და ერთი წამით კითხვის ნიშნის ქვეშ არ დააყენა თავისი დომინაცია.

“სკუადრა აძურამ”, ჯერ ბოშკოვიჩის სერბეთი უმარტივესად გაისტუმრა სახლში მეოთხედფინალური ეტაპიდან, შემდეგ მელისა ვარგასის თურქეთი მიაყოლა ასევე სეტის დაკარგვის გარეშე და ბოლოს, ფინალში, მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონები, ამერიკელები, უბრალოდ მარტივ მამრავლებად დაშალა – 25:18 25:20 25:17. საბოლოო ჯამში, ერთადერთი გუნდი, ვისაც იტალიისთვის სეტის ართმევა გამოუვიდა, იყო მოკრძალებული დომინიკის რესპუბლიკა, ჯგუფური ეტაპის პირველივე შეხვედრაში.
არგენტინელ-იტალიელი მწვრთნელის, ველასკოს გუნდმა, ოპონენტი, ყველა ასპეკტში გაანადგურა – 45:35 ზუსტი შეტევები, 7:3 ეისები, 12:17 შეცდომები. მაგრამ ყველაზე თვალში საცემი იყო ბლოკების სტატისტიკა – 11:0. ამერიკა პირველი გუნდი გახდა ოლიმპიადების ისტორიაში, ვისაც ერთი კინკილა ბლოკშოტიც კი არ ჰქონდა მთელს ფინალურ შეხვედრაში იმის შემდეგ, რაც ეს სტატისტიკა საერთოდ ითვლება.

ქულების ლიდერი, ტრადიციულად პაოლა ეგონუ გახდა 22 ზუსტი დარტყმით და მისაღები პროცენტით. წარმატებული მატჩი ჰქონდათ აუთსაიდ ჰითერებს, მირიამ სილას და კატერინა ბოსეტის – შესაბამისად ათი და ცხრა ქულით.
ამერიკელთა რიგებში, მხოლოდ ცვლილებაზე გამოსულმა ტომსონმა მოახერხა 8 ქულის დაგროვება ნორმალური პროცენტით. გუნდის მრავალწლიანი ლიდერები, სკინერი და დრიუსი ერთი მეორეზე უარესად გამოიყურებოდნენ შეტევების სიზუსტის 13% და 11%. მაგრამ ყველა დროის ანტირეკორდს დაუმიზნა ოლიმპიური პლეიოფების ერთ-ერთმა გმირმა პლამერმა, რომელმაც მოახერხა და 16 შეტევიდან მხოლოდ ორი გამოიყენა.

ამგვარად, იტალია გახდა მეშვიდე გუნდი, რომელმაც ქალთა საფრენბურთო ოლიმპიურ ტურნირზე ოქროს მოპოვება მოახერხა საბჭოთა კავშირის (4), ჩინეთის, კუბის (3-3), იაპონიის, ბრაზილიის (2-2) და ამერიკის (1) შემდეგ.











