საფრანგეთმა, მამაკაცთა ფრენბურთში, ზედიზედ მეორე ოლიმპიადა მოიგო.
ტოკიოში რუსების დამარცხების შემდეგ, საფრანგეთს, ბოლო სამი წლის განმავლობაში, არც ისე კარგი პერიოდი ედგა. მსოფლიო ჩემპიონატზე მეხუთე, ხოლო ევროპის პირველობაზე მეოთხე ადგილები არ იძლეოდა იმის ფიქრის საშუალებას, რომ მასპინძლები ტიტულის დაცვას შეძლებდნენ. თუმცა ნგაპეტი, ჟოფრუა და ბრისაზი სხვა აზრზე იყვნენ.
ფრანგებმა, პლეიოფებში, ურთულესი მატჩით დაიწყეს ტიტულისკენ სვლა – გერმანია მხოლოდ მეხუთე სეტში 3:2 დაამარცხეს, თან ისე, რომ პარტიებში 0:2 იწვოდნენ.
უმძიმესი მატჩის მოგებას ტურნირის მთავარ ფავორიტებთან, იტალიელებთან, სენსაციურად უმარტივესი გამარჯვება მოჰყვა, ფინალში კი მასპინძლებს პოლონელები ელოდნენ, კუბელი ლიდერის, ლეონის თამადობით.
აღმოსავლეთ ევროპელები, ბოლო სამი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალისტები არიან და მიუხედავად ფრანგების გრანდიოზული გამოსვლისა იტალიის წინააღმდეგ, მაინც სწორედ პოლონეთი ითვლებოდა ფინალის მცირე ფავორიტად.
პოლონეთმა ფინალამდე ასევე დამაჯერებლად იასპარეზა, უძლიერესი ამერიკა გაუშვა მესამე ადგილისთვის თამაშში, თვითონ კი 1976 წლის მონრეალის ოლიმპიადის შემდეგ, პირველი ოქროს მოსაპოვებლად გაემზადა.

მაგრამ ვინ აცადა…
ფრანგებმა ინიციატივა პირველივე სეტში ჩაიგდეს ხელში და პარტია სუპერდამაჯერებლად – 25:19 მოიგეს.
მეორე სეტი პოლონელებმა უკეთ დაიწყეს. ჩაირთო ფორლანი, შეტევების სიზუსტე გამოასწორა ჰუბერმა. ანგარიშში ნიკოლა გრბიჩის გუნდმა 11:9 წაიყვანა და თითქოს ფინალს კუთვნილი ინტრიგა უნდა შეეძინა, მაგრამ აქ ნგაპეტი ჩაირთო – ჯერ დაცვაში გიჟური ბურთი გადაარჩინა, შემდეგ კი ორი ყუმბარისებული დარტყმით ზედიზედ მოუტანა მასპინძელბს ქულები და მასთან ერთად მეორე სეტიც.
აღსანიშნავია, რომ პოლონელები, ფინალში, დაცვის ბურჯს, ზატორსკის მოისაკლისებდნენ. ლიბერომ მარცხენა ხელის თითების ტრამვა ამერიკელებთან ნახევარფინალურ შეხვედრაში მიიღო.

მესამე სეტში პოლონელებმა ნგაპეტის მეტ-ნაკლებად ნეიტრალიზება შეძლეს, თუმცა საქმეში კიდევ ერთი გამოცდილი ფრანგი – ჟან პატრი ჩაერთო. პატრიმ, მესამე პარტიაში, 9 შეტევიდან 6 დაასრულა ზუსტად და პოლონელთა წინააღმდეგობა საბოლოოდ გატეხა. 24:19-ზე ფრანგებს ხუთმაგი ჩემპიონშიპპოინტი ჰქონდათ. აქ მასპინძლებს პირველად შეხვედრაში და ლამის ტურნირზეც ნერვიულობა დაეტყოთ. ლეონმა, როგორც იქნა, რამდენიმე ზუსტი შეტევა გაატარა და ანდრეა ჯიანის გუნდმა ზედიზედ დათმო ოთხი ქულა. იტალიელ მწვრთნელს, მოგებული მატჩის ხელიდან არ გასაშვებად, ორივე ტაიმაუტის დახარჯვა მოუწია. საბოლოოდ, 24:23-ზე, ფრანგებმა შეტევა გამოიყენეს და ზედიზედ მეორე ოლიმპიადა მოიგეს.
ერთი დღით ადრე ჩატარდა მესამე ადგილისთვის მატჩიც, რომელშიც ფრანგებისგან ნახევარფინალში განადგურებული იტალია სრულიად ნირწამხდარი გამოვიდა და ამერიკის ნარკებს ვერანაირი წინააღმდეგობა ვერ გაუწია.
ქალთა ფინალს რაც შეეხება,ის ხვალ სამ საათზეა დაგეგმილი. ოქროსთვის ერთმანეთს ტურნირის ფავორიტი იტალია მოქმედ ოლიმპიურ ჩემპიონ ამერიკის ნაუკრებს დაუპირისპირდება.











