ჩრდილო ლონდონური დერბი, ჩემპიონატის ლიდერმა წამოიღო.
პრემიერ ლიგის 27-ე ტურის ცენტრალურ შეხვედრაში, “არსენალმა” “ტოტენჰემი” 4:1 გაანადგურა და პრემიერ ლიგის ლიდერობა ისევ ხუთ ქულამდე აიყვანა.
ისევე როგორც სეზონის პირველ შეხვედრაში, მატჩის გმირი ებერეჩი ეზე გახდა, რომელმაც დუბლი შეასრულა. ორი გოლი იყო ასევე გიოკერეშის აქტივშიც, ხოლო “დეზების” რიგებში, თავი კოლო-მუანიმ გამოიჩინა. “პსჟ-დან” იჯარით გადმოსულ ფეხბურთელს, მეორე ტაიმში დუბლის შესრულებაც შეეძლო, თუმცა მეორე გოლი მას ვარმა არ ჩაუთვალა.
აღსანიშნავია, რომ ერთი სეზონის ფარგლებში, “არსენალმა” თავისი ყველაზე პრინციპული მეტოქე ორჯერ ერთი და იმავე ანგარიშით 4:1 დაამარცხა, რაც 1934-35 წლების შემდეგ პირველად მოხდა.
სეზონის დასაწყისში “არსენალში” “კრისტალ პალასიდან” გადმოსულმა ეზემ, “ტოტენჰემს” უკვე მეხუთე გოლი შეუგდო, რითიც ჩრდილო ლონდონური დერბის ისტორიის ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირიც გახდა. “არსენალის” მაისურით, პრემიერ ლიგის მასშტაბით ხსენებულ დერბიში ეზეზე მეტი გოლი მხოლოდ პირესს აქვს გატანილი – 7.
ამ მარცხით, “დეზებისთვის” გაგრძელდა “არსენალთან” მატჩებში 2022 წელს დაწყებული მშრალი სერია. მაშინ, “ტოტენჰემმა” 3:0 მოიგო, იმის შემდეგ კი უკანასკნელ შვიდ შეხვედრაში გუნდის პასივში 7 წაგება და ერთი ფრეა, მათ შორის ზედიზედ ხუთი მარცხიც.
ტუდორის გუნდი, პრემიერ ლიგის ცხრილის მე-16 პოზიციას იკავებს და გასავარდნ ზონას ოთხი ქულით ასწრებს.











