Centered Image

ტომას ფრანკს “დეზები” მოხსნეს

ჩრდილო ლონდონელებმა ახალი მწვრთნელი, რომელსაც ცუდი შედეგები თითქოს არ ჰქონია, საკმაოდ ადრე ჩამოწერა.

უკვე ოფიციალურად დადასტურდა, რომ ნიუკასლ იუნაიტედთან ბოლო ტურში განცდილი მარცხის შემდეგ ტოტენჰემ ჰოტსპურმა მთავარი მწვრთნელი, ტომას ფრანკი თანამდებობიდან გაანთავისუფლა.

52 წლის სპეციალისტმა ტოტენჰემი ენჯ პოსტეკოგლუს გაშვების შემდეგ, 2025 წლის ივნისში ჩაიბარა და გუნდში მხოლოდ 8 თვით გაძლო. ლონდონური გუნდის შედეგები პრემიერლიგისა და ჩემპიონთა ლიგის სეზონში კონტრასტულია: მაშინ, როცა ტოტენჰემმა ლიგის ფაზაში 8 თამაშიდან მხოლოდ 1 წააგო და მე-4 ადგილი დაიკავა, პრემიერლიგაში ბოლო 17 მატჩიდან მხოლოდ 2 მოიგო.

სპურსმა ამ სეზონში უკვე მე-11 მატჩი წააგო და გასავარდნ ზონას მხოლოდ 5 ქულით უსწრებს. ისევე, როგორც წინა შეხვედრებში, ნიუკასლთან მატჩის შემდეგაც გუნდის დანიელი თავკაცის მისამართით გამაყრუებელი სტვენა ისმოდა გულშემატკივრების იმ ნაწილისგან, რომელმაც სტადიონის ტრიბუნები ნაადრევად არ დატოვა. გუნდის ცუდი შედეგების მიუხედავად, ფრანკი ბოლომდე დარწმუნებული იყო, რომ მის სკამს არაფერი ემუქრებოდა და ეს მატჩის შემდგომ ინტერვიუშიც აღნიშნა:

“გუნდის უფროსებს ვესაუბრე გუშინ, ასე რომ, არა”, – ასე უპასუხა ტომასმა “TNT Sports”-ის მიერ მისი შესაძლო დათხოვნის შესახებ დასმულ კითხვას. “მესმის გულშემატკივრის გაბრაზება და იმედგაცრუება. ყველაზე მარტივი ახლა ჩემკენ თითის გამოშვერაა, რაც სამწუხაროდ,ჩემი საქმის ერთ-ერთი ნაწილია.

დღედაღამ ვიმუშავებ, რომ შედეგები შევცვალო, თუმცა ეს მხოლოდ ერთ ადამიანს არ ეხება. ეჭვგარეშეა, რომ უნდა გავუმჯობესდეთ და მეც ამის ნაწილი უნდა ვიყო. ეს ცუდი პერიოდი უკვე დიდი ხანია გრძელდება. მენტალურად და ფიზიკურად ძლიერები უნდა ვიყოთ. მჯერა, რომ ეს არამხოლოდ ერთი ადამიანის, არამედ გუნდური სულისკვეთებით მიიღწევა. ჩვენ ერთნი ვართ და ვიცით, რისი გაკეთება გვჭირდება” – აღნიშნა ტომას ფრანკმა.

ბრიტანულ მედიაზე დაყრდნობით, კლუბის შიგნით დანიელის მხარდაჭერა ბოლო თვეების მანძილზე უფრო და უფრო იკლებდა და ერთადერთი, რაც მას გუნდში აჩერებდა, ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებული გამოსვლა იყო. ლონდონურ გუნდში ტომას ფრანკის მომავალი უკვე ძალიან ბუნდოვანი იყო და ტოტენჰემმა ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო.

“მისი კლუბში ყოფნის პერიოდში, ტომასმა დიდი თავდადება გვაჩვენა და ყველაფერი გააკეთა კლუბის სასიკეთოდ. მადლობას ვუხდით მას გუნდში გაწეული სამუშაოსთვის და წარმატებებს ვუსურვებთ მომავალში”, – ნათქვამია ტოტენჰემის განცხადებაში.

ტოტენჰემი ახლა მე-16 ადგილზეა და პრემიერლიგის შემდეგი ტურის მატჩს არსენალთან 22 თებერვალს გამართავს. ინგლისურ პრესაში ფიქრობდნენ, რომ 12-დღიანი ფანჯარა მწვრთნელის გასაშვებად გუნდის მხრიდან საკმარისი იქნებოდა. კლუბმა ფრანკი ზედ ჩრდილოლონდონური დერბის წინ გაუშვა.

  • “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

    “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

  • ალკარასი როლან გაროს ფინალშია

    ალკარასი როლან გაროს ფინალშია

  • პირველად 2020-ის შემდეგ

    პირველად 2020-ის შემდეგ

  • დედოფალი იგა

    დედოფალი იგა

  • იმედგაცრუება და ანტირეკორდი

    იმედგაცრუება და ანტირეკორდი

Discover more from AmbassadoriSport

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading