თორნიკემ მიმდინარე საპლეიოფო ეტაპზე საუკეთესო მატჩი ჩაატარა.
ესპანეთის საკალათბურთო ლიგა ენდესაში ფინალური სერია მიმდინარეობს, სადაც ერთმანეთის მეტოქეები თორნიკე შენგელიას ბარსელონა და მიმდინარე სეზონის გამორჩეული ესპანური გუნდი, ვალენსია არიან. სტუმრად გამართული 2 მატჩიდან ბარსამ 1 ოვერტაიმში მოიგო, მე-2 შეხვედრაში კი დიდი სხვაობით განადგურდა და საშინაო არენაზე უპირატესობით ჩავიდა.
სამწუხაროდ, პალაუ ბლაუგრანაზე ბარსამ უპირატესობა ვერ განიმტკიცა. ვალენსიამ მეტოქეს ისევ აჯობა და ამჯერად 88:80 დაამარცხა. სერიაში ანგარიში 2:1 გახდა და ვალენსიას 2017 წლის შემდეგ პირველ ჩემპიონობამდე მხოლოდ 1 მოგებაღა აშორებს.
თორნიკე ბარსას რიგებში ერთმნიშნველოვნად საუკეთესო იყო. ჩვენმა კაპიტანმა 25 ქულა, 6 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა და თანაც ისე, რომ 11-იდან 9 2 ქულიანი ჩააგდო, 2 მცდელობიდან კი მხოლოდ ერთი 3 ქულიანი ააცდინა.

ბარსას რიგებში მის შემდეგ საუკეთესო მაჩვენებელი დარიო ბრიზუელას 13 ქულა იყო, 11 ქულაც იან ვესელიმ აკრიფა, სხვებმა კი ვერაფერი. თორნიკეს გარდა ბარსას ყველა წამყვან მოთამაშეს მატჩი ჩაუვარდა.
ვალენსიას ისევ დომინიკელი ჟან კლოდ მონტერო ლიდერობდა 29 ქულით, 5 მოხსნითა და 6 შედეგიანი გადაცემით. მის გარდა ვალენსიას კიდევ 3 მოთამაშეს ჰქონდა 2 ნიშნა ქულათა მაჩვენებელი (დე ლარეა, ტეილორი, ქეი), ხაიმე პრადილიამ კი 9 ქულა აკრიფა.

სერიის მომდევნო მატჩი ისევ პალაუ ბლაუგრანაზე გაიმართება და ბარსას წაგების უფლება არ ექნება. იმედია, თორნიკე და მისი თანაგუნდელები შეძლებენ და სერიას გადამწყვეტ მატჩამდე მიიყვანენ, რომელსაც უკვე ისევ ვალენსია უმასპინძლებს.
წარმატებები თორნიკე შენგელიას!











