კარლუშ კეირუშმა აფრიკული ნაკრები ფანტასტიურად მოამზადა.
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველ წრეში ერთ-ერთი მთავარი სანახაობა ინგლისის ნაკრები გამოდგა. “სამმა ლომმა” სხვა გრანდებთან შედარებით ხორვატიის ნაკრები 4:2 დაამარცხა, თუმცა საქმე მარტო გამარჯვებაში არ იყო – ტომას ტუხელის ინგლისმა ითამაშა ძალიან დინამიური, სწრაფი და სანახაობრივი ფეხბურთი, რაღაც ძველი ბრიტანულისა და ახალი გერმანულის ნაზავი, რომელიც შედეგიანიც გამოდგა და ყურებადიც.
მე-2 ტურში უკვე განას ნაკრებთან სხვა ამბავი ვიხილეთ. ამჯერად ინგლისის ნაკრები თითქოს საუთგეიტის “უსახურ” გუნდთან იყო უფრო ახლოს, ვიდრე პირველი ტურის მფრინავ გუნდთან. ინგლისელები თითქმის 80%-ით ფლობდნენ ბურთს, მაგრამ მხოლოდ 3-ჯერ დაარტყეს ზუსტად და იშვიათად თუ აღწევდნენ მეტოქის საჯარიმოში.

საუკეთესო მომენტი ტუხელის შეგირდებს მე-2 ტაიმის მიწურულს ჰქონდათ, როცა იშვიათი კარგი ჩაწოდების შემდეგ ო’რაილის თავური დარტყმა ხარიხას მოხვდა, ჰარი კეინს კი ასხლეტილი ბურთი კარიდან 5-6 მეტრში მიუვიდა და კაპიტანმა ძალაზე გათვლილი დარტყმით ჰაერში დაარტყა.

განა აუცილებლად უნდა შევაქოთ. მართალია, განელებმა კარისკენ მხოლოდ 2-ჯერ დაარტყეს, მაგრამ კონტრ-იერიშებისას ხშირად იკბინებოდნენ და რამდენიმე რეალური შანსი მათაც ჰქონდათ. მაგრამ მთავარი ამბავი დაცვაში ხდებოდა – განელები სასწაული კონცენტრაციით, დისციპლინითა და ბრძოლით უმკლავდებოდნენ ინგლისელთა იერიშებს. ბოლოს და ბოლოს, თამაშის უდიდესი ნაწილი განას საჯარიმოსთან მიდიოდა, გუნდმა კი გაუძლო.

უდიდესი ალბათობით, ორივე გუნდი შემდეგ ეტაპზე გავა, რადგანაც 4-4 ქულა დაუგროვდათ და ეს მნიშვნელოვანი რაოდენობაა. ბოლო ტურში ინგლისს პანამას ნაკრებთან, დიდი ალბათობით, მარტივი გამარჯვება ექნება, განელებს კი ხორვატებთან დიდი ბრძოლა ექნებათ.










