შეხვედრა სადაც 3 გოლი გაუქმდა.
ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის მეორე მერვედფინალურ დაპირისპირებაში, დორტმუნდის სავსე სტადიონზე, ტურნირის მასპინძელი გერმანიისა და მუდამ სიმპატიური დანიის ნაკრებები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.
გერმანიის ნაკრებმა ჯგუფური ეტაპი დამაჯერებლად ჩაატარა, 8 გოლი გაიტანა და მხოლოდ 2 გაუშვა. გულშემატკივრებს, ბოლო ტურში შვეიცარიასთან ნაჩვენები არც თუ ისე დამაჯერებელი თამაშისა და ფრის გამო, მასპინძელთა დომინანტობაში ცოტა ეჭვი შეეპარათ, მაგრამ აღნიშნულმა შეხვედრამ, ამ მიმართულებით კითხვის ნიშნები, ალბათ გააქრო.
დანიის ნაკრებმა ჯგუფში სამი ფრე ითამაშა. ყველა მატჩში დომინირებდა და ბურთის ფლობისა და ტეროტორიის მოპოვების ხარჯზე თამაშობდა, მაგრამ ამის უფლებას მეტოქეების სათამაშო სტილიც აძლევდათ. გერმანიასთან რომ ასე არ გამოვიდოდა, თავიდანვე ნათელი იყო. მათთვის ასევე მნიშვნელოვანი პრობლემა აღმოჩნდა რეალიზაცია – აღნიშნულ ტურნირზე დანიელთა საკმაოდ ნიჭიერი და მრისხანე ფორვარდები ცოტა უფერულად გამოიყურებოდნენ. დანიის ნაკრებმა, მიუხედავად კარგი თამაშისა, ჯგუფური ეტაპის სამ შეხვედრაში, მხოლოდ 2 გოლის გატანა მოახერხა.

შეხვედრა გერმანელთა ტოტალური უპირატესობით დაიწყო. მე-4 წუთზე ნიკო შლოტერბეკს გოლი გაუუქმეს, რადგანაც კუთხურის ჩაწოდებისას იოზუა კიმიხი მის მეურვეს, ანდრეას სკოვ ოლსენს უხეშად შეეჯახა და ეს უკანასკნელიც შლოტერბეკს ვერ გაჰყვა. დორტმუნდის ,,ბორუსიას” მცველმა ყვითელი ბარათების გამო დისკვალიფიცირებული ჯონატან ტა ჩაანაცვლა და საშინაო არენაზე ძალიან კარგი შეხვედრა ჩაატარა.
გაუქმებულ გოლს გერმანელთა უფრო მასირებული შეტევები მოჰყვა. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, მასპინძლები განსაკუთრებით სახიფათო მომენტებს, მეორე სართულზე მოგებული ბურთების ხარჯზე ქმნიდნენ, არადა დანიას ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე ტანმაღალი ნაკრები ჰყავს. შმეიხელმა გუნდი არაერთხელ იხსნა. დანილთა კიპერს მარტო საწყის 12 წუთში 4 მაგარი სეივი ჰქონდა.
ამის შემდეგ დანიელებმა თამაში ცოტა დაამშვიდეს და ბურთიც ,,გააგორეს”, რასაც რამდენიმე მომენტი მოჰყვა, თუმცა ჯერ რუდიგერმა ერიქსენს სასწაული დარტყმა დაუბლოკა, ჰოილუნდმა ახლო მანძილიდან ჯერ კარში ვერ მოარტყა, შემდეგ კი კარგი კონტრ-შეტევის დროს მანუელ ნოიერიც იდეალურად გამოვიდა და ,,მანჩესტერ იუნაიტედის” ფორვარდს არ გაატანინა.
ძლიერი წვიმის ფონზე, 35-ე წუთისთვის დიდი ჭექა-ქუხილი დაიწყო და ინგლისელმა არბიტრმა, მაიკლ ოლივერმა, მეტეოროლოგიური პირობებისა და საფრთხის მიზეზით მატჩი დროებით შეაჩერა კიდეც. მას შემდეგ, რაც გუნდები მოედანზე დაბრუნდნენ, დარჩენილ 10 წუთში არაფერი შეცვლილა.
მეორე ტაიმი საინტერესოდ დაიწყო. ჯერ 48-ე წუთზე, სტანდარტის შემდეგ, გერმანელთა კარის სიახლოვეს არეულობა იყო, როცა დანიელთა მცველმა, იოაკიმ ანდერსენმა გოლი გაიტანა, მაგრამ გაუუქმეს. საჯარიმოში დანიელთა ერთ-ერთი შეხებისას ტომას დელანი მეტოქეზე წინ მხოლოდ ბუცის წვერით აღმოჩნდა და საქმეში VAR-ის ჩართვის შემდეგ დანიელებს ნაზეიმარი გოლი ამოაცალეს. აქედან რამდენიმე წუთში კი დავიდ რაუმის ჩაწოდების შემდეგ, ბურთი იმავე ანდერსენს ხელზე მოხვდა, მსაჯმა მომენტი გადაამოწმა და თერთმეტმეტრიანი დანიშნა, რომელიც 53-ე წუთზე კაი ჰავერცმა გოლად აქცია და გერმანია დააწინაურა. ჩვენგან განსხვავებით, VAR-ის სისტემამ დანიის ნაკრებისა და კონკრეტულად იოაკიმ ანდერსენისთვის, საშინელი შედეგები მოიტანა, თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ ყველა ეს გადაწყვეტილება სამართლიანი იყო.

გაშვებულმა გოლმა დანიელებზე ცუდად იმოქმედა. გერმანიამ ბურთი კარგად გააკონტროლა და თითქოს მარტივ სიტუაციაში, დანიის ნაკრები თავის ნახევარზე მიიტყუა. ამით ისარგებლა ნიკო შლოტერბეკმა და მცველების ზურგს უკან მუსიალას ძალიან კარგი პასი გადაუგდო. ,,ბაიერნის” ვარსკვლავმაც მოედნის ცენტრიდან ირბინა, ბურთი თავისუფლად გაისწორა და შორეულ ძელთან ჩასვა. აღნიშნულ მომენტში უცნაურად ითამაშა დანიელთა კიპერმა, კასპერ შმეიხელმა, რომელიც თითქოს კარიდან გამოდიოდა, მაგრამ შემდეგ რატომღაც გადაიფიქრა და ამით საკუთარი მცველებიც დააბნია, მუსიალასაც დრო მისცა და უშანსოდ აღმოჩნდა. 68-ე წუთისთვის გერმანიამ ორბურთიანი უპირატესობა მიიღო, დანიასაც არაფერი შეაქმნევინა და მატჩი გამარჯვებამდე მშვიდად მიიყვანა.

მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ცვლილებაზე გამოსულმა ფლორიან ვირტცმაც ლამაზი გოლი შეაგდო, თუმცა თამაშგარის გამო გაუუქმეს. მომენტები ჰქონდათ ცვლილებაზე გამოსულ ნიკლას ფულკრუგს, კაი ჰავერცს და თვითონ ვირტცსაც, მაგრამ ხან შმეიხელი თამაშობდა კარგად და ხანაც თვითონ ფორვარდები ვერ არტყამდნენ მიზანში.
საბოლოოდ დამაჯერებელი გამარჯვება – 2-0. გერმანელები ცივსისხლიანად იგებენ და გულთბილი მასპინძლები არ არიან (ვაჟა ფშაველა მაგათ არ ჰყოლიათ). ჯამალ მუსიალა ამ შეხვედრაში გატანილი მესამე გოლის შემდეგ ჩვენებურ გიორგი მიქაუტაძეს გაუთანაბრდა და ბომბარდირობაზე პრეტენზიას აცხადებს. გერმანიის ნაკრები მეტოქეს ელოდება, ფიქრობენ რომ დიდწილად ესპანეთს, მაგრამ ჩვენ სხვა იმედები და სხვა გეგმები გვაქვს!











