როგორც ჩანს, “პარტენოპეის” თავისთვის ყველა პოტენციური “კვარა” უნდა.
საქართველოს ნაკრებისა და იტალიური ფროზინონეს შემტევი, გიორგი კვერნაძე უფრო და უფრო ხშირად ხდება სასაუბრო თემა – საბედნიეროდ, პოზიტიურ კონტექსტში.
ყველაზე ავტორიტეტულ საფეხბურთო საიტზე, “Transfermarket”-ზე გიორგის ოფიციალური ფასი საგრძნობლად გაიზარდა, ფაქტიურად გაორმაგდა. აქამდე კვერნაძის ოფიციალური ფასი 4 მილიონი ევრო იყო, ახლა კი ამ ნიშნულმა ბოლო განახლების შემდეგ 8 მილიონი ევრო გახდა. ეს ოფიციალური ფასია, მაგრამ არაერთი ავტორიტეტული ჟურნალისტი აცხადებს, რომ ამჟამად კვერნაძის რეალური ღირებულება, თანამედროვე ბაზარის პირობებში დაახლოებით 25-30 მილიონი ევროა.

ბუნებრივია, 6 მატჩში გატანილი 5 გოლისა და 2 საგოლე პასის შემდეგ კვერნაძეს უკვე არაერთი მსურველი გამოუჩნდა. ცნობილი იტალიელი ინსაიდერი, ნიკოლო სკირა აქამდე მსურველთა სიაში ინგლისურ ჰალ-სიტის ასახელებდა, იტალიაში კი ასეთები კალიარი და ვერონა იყვნენ. ბოლო ინფორმაციით, კვერნაძის გადაბირებით უკვე ნაპოლიც დაინტერესდა და კომოსთან მატჩზე სკაუტიც გაგზავნა, სადაც კვერნაძემ სტატუსი კიდევ უფრო გაიმყარა – მნიშვნელოვანი გოლიც გაიტანა და თავის გუნდს თამაში მოაგებინა.
იმედია, გიორგი სტაბილურად კარგ თამაშს გააგრძელებს და შესაბამის დროს, უფრო მაღალი დონის კლუბში გადავა.
იქამდე ნაკრების მნიშვნელოვანი მატჩებია, სადაც გიორგის კარგი თამაში ჰაერივით დაგვჭირდება.
წარმატებები გიორგი კვერნაძეს!











