21 ივნისს გამართულ მეორე ტურის მატჩებში საინტერესო შედეგები დაფიქსირდა. ავსტრიამ დამაჯერებლად მოიგო, უკრაინამ თამაში შემოატრიალა, ფრანგები კი მბაპეს გარეშე ჰოლანდიელებს დაუზავდნენ.
პირველ შეხვედრაში სლოვაკებმა მიმდინარე ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო ტაიმი ჩაატარეს. შრანცმა ევროზე მეორედ გაიტანა, მაგრამ სლოვაკებმა უფრო ბევრი ვერ გაიტანეს. ამასთანავე, უკრაინელთა მეკარე, ტრუბინი უნდა ვახსენოთ, რომელმაც რამდენიმე სასწაული ბურთი მოიგერია.
მეორე ტაიმში სლოვაკეთმა თამაში შენარჩუნებაზე გადაწყვიტა და დაისაჯა კიდეც. ჯერ 54-ე წუთზე შაპარენკომ ანგარიში გაათანაბრა, მერე კი ცვლილებაზე შემოსულ იარემჩუკს სასწაული პასი გაუკეთა და გამოცდილმა ფორვარდმაც ძალიან მაგრად შეასრულა. საბოლოოდ უკრაინელთათვის ძალიან საჭირო გამარჯვება, ანგარიშით 2-1.

მეორე შეხვედრაში ავსტრია ლევანდოვსკის გარეშე დარჩენილ პოლონეთის ნაკრებს მარტივად გაუსწორდა. მართალია ავსტრიელი მცველის, ტრაუნერის მე-9 წუთზე გატანილ გოლს 30-ე წუთზე პიონტეკმა მოაყოლა, მაგრამ ამან საქმეს ვერ უშველა.
მეორე ტაიმში ავსტრიელებმა ზეწოლა გააგრძელეს და ორი დამსახურებული გოლი შეაგდეს. ჯერ არნაუტოვიჩის სასწაული გატარების შემდეგ ბაუმგარტნერმა დააწვინა მეკარე, მერე კი ერთ-ერთზე გასული საბიცერი შესნიმ წააქცია, ამის გამო დანიშნული თერთმეტრიანი კი არნაუტოვიჩმა გოლად გარდასახა. ამ მარცხით, პოლონეთი ერთადერთი გუნდია, რომელმაც შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსები დაკარგა.

დღის ბოლო შეხვედრა კლასიკა იყო. მბაპეს გარეშე საფრანგეთმა საკმაოდ კარგად ითამაშა, ბევრს უტევდნენ და ბევრი მომენტიც შექმნეს. არც ნიდერლანდელები ჩამორჩენილან – რომ არა მენიოს სასწაული სეივები ფლანდრიელები გოლს გაიტანდნენ, მაგრამ ფრანგთა კარის დარაჯი ყოჩაღობდა, ერთი გოლიც სიმონსს მსაჯმა არ ჩაუთვალა. საბოლოოდ ნულოვანი ფრე, მაგრამ ისეთი, ბევრ უხვგოლიან თამაშს რომ აჯობებს. მსგავსი ტემპი, ამ ევროზე, ჯერჯერობით არ გვინახავს.

წინ უკვე ჩვენი ბიჭების მატჩია – იმედია პოლონეთის გზას ჩეხებსაც გავუყენებთ!











