ბენი კალიფორნიას მიაშურებს.
ინსაიდერ შემზ ჩანარიას ინფორმაციით, რომელიც “საკრამენტოს” მთავარმა მწვრთნელმა, დაგ კრისტიმაც დაადასტურა, ბენ სიმონსი, კარიერას სწორედ კალიფორნიულ გუნდში განაგრძობს.
30 წლის გამთამაშებელი, ლიგის მიღმა წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში იყო. სიმონსი, რომელიც ყველა ვარსკვლავის მატჩის სამგზის მონაწილე და დაცვითი სიმბოლური ხუთეულების არაერთგზის წევრია, ხსენებული რეგალიების მიუხედავად, ლიგის ბოლოდროინდელ ისტორიაში ერთ-ერთ მთავარ იმედგაცრუებად ითვლება.
აღსანიშნავია, რომ “ფილას” ყოფილი მოთამაშე, ძველ გუნდში დაბრუნებას სცდილობდა, თუმცა გაძლიერებულ პენსილვანიურ კლუბში მისთვის ადგილი ვერ მოიძებნა, ინსაიდერების ინფორმაციით პირველ რიგში იმის გამო, რომ მისი გამოჩენა ადგილობრივ გულშემატკივრებს არ სურდათ, რადგან “პროცესად” ცნობილი ფილადელფიური პროექტის წარუმატებლობას, ფანების დიდი ნაწილი სწორედ ავსტრალიელ კალათბურთელს აბრალებს.
სიმონსის კონტრაქტი ერთწლიანი ივეტერანული მინიმუმის ტოლფასი იქნება და სამ მილიონზე ოდნავ მეტად შეფასდება. აღსანიშნავია, რომ უკანახაზელის ანაზღაურება ზუსტად იგივე იქნება, რაც ლებრონ ჯეიმსის შემთხვევაში, ანუ იმ კალათბურთელის იდენტური, რომელსაც ავსტრალიელს კარიერის სტარტზე ადარებდნენ. გარკვეულწილად, წლების შემდეგ, სიმონსმა ჯეიმსის დონეს ბოლო-ბოლო მიაღწია.











