ალბიონელებმა თავი გადაირჩინეს. ბელინგემი გმირია.
ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის მესამე მერვედფინალური დუელი ინგლისისა და სლოვაკეთის ნაკრებებს შორის შედგა.
ინგლისმა ჯგუფურ ეტაპზე, მხოლოდ ერთი შეხვედრა უფერულ სერბეთთან მოიგო, დანიასთან და სლოვენიასთან ფრედ ითამაშა და სათამაშო ხარისხის გამო პრესის გამძვინვარებული კრიტიკისა ზეწოლის ქვეშ იყო, დიდწილად დამსახურებულად. თანაც, ჯგუფური ეტაპის სამ შეხვედრაში, მხოლოდ ორი გოლი გაიტანა.
სლოვაკებმა ჯგუფურ ეტაპზე სენსაციურად დაამარცხეს ბელგიის ნაკრები, ბრძოლაში დამარცხდნენ უკრაინის ნაკრებთან და სასურველი ფრე ითამაშეს რუმინელებთან. მათთვის პროგრამა მინიმუმი ჯგუფიდან გასვლა იყო და ეს დავალება შესრულება ჰქონდათ, დანარჩენი უკვე ბონუსი იყო.
გუნდებმა თამაში ამ მოცემულობით დაიწყეს. სლოვაკები მშვენივრად გამოიყურებოდნენ, რამდენიმე მწვავე შეტევაც ჰქონდათ და აქტიურობიდან გამომდინარე, შედეგიც მიიღეს. ცენტრალურმა თავდამსხმელმა, დავიდ შტრელეცმა სიღრმიდან მაღალი პასი თავისუფლად მიიღო, მისგან ყველა შეტევის მარცხნივ გაგრძელებას ელოდა, როცა ფორვარდს ზურგს უკან ივან შრანცმა ჩაურბინა, შტრელეცმა თანაგუნდელს იდეალური პასი გაატანა და მეკარესთან პირისპირ დარჩენილ შრანცს გოლის გატანა აღარ გასჭირვებია.

პირველ ტაიმში ბრიტანელებმა ბევრი გაფრთხილება მიიღეს, მათ შორის საყრდენმა კობი მაინომ და ცენტრალურმა მცველმა, მარკ გეჰიმ. გოლის ეპიზოდში, გეჰის ფრთხილად თამაში მოუწია, თორემ წითელი ბარათი და თერთმეტმეტრიანი საკუთარ კარში, გარანტირებული ჰქონდა. ასევე ძალიან კარგი იყო სლოვაკთა მარცხენა ვინგერი ლუკას ჰარასლინი, რომელსაც კარგი ჩემპიონატი აქვს, თუმცა მეორე ტაიმში დაიკარგა.
შესვენების შემდეგ ინგლილის ნაკრებმა ზეწოლა გაზარდა, თამაში მეტოქის ნახევარზე გადაიტანა, მაგრამ რეალური მომენტების შექმნა უჭირდათ. მიუხედავად იმისა, რომ საუთგეიტმა შემტევი ფეხბურთელები ჩართო თამაშში, შედეგი თითქოს არ ჩანდა. ინგლისელებს ერთი კარგი შეტევაც გამოუვიდათ, მაგრამ ტრიპიერის პასის შემდეგ, ფილ ფოდენი, რომელმაც გოლი გაიტანა, თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდა და გოლიც გაუქმდა.
პირველი რეალური მომენტი მხოლოდ 80-ე წუთზე შეიქმნა, როცა საჯარიმოს სიახლოვიდან დეკლან რაისმა გაისროლა, ბურთი ძელს მოხვდა და დამატებაზე ჰარი კეინმა, უხერხული ვითარებიდან, ბურთს ფეხი ზუსტად ვეღარ მოარტყა.
თითქოს ისე ჩანდა, რომ სლოვაკები, ბელგიასთან მატჩის მსგავსად, აქაც სასურველ 1-0-ს ,,გაწურავდნენ”, მაგრამ მსაჯის მიერ კომპენსირებულ მე-5 წუთზე კაილ უოკერმა აუტი პირდაპირ საჯარიმოსკენ ჩააგდო, გეჰიმ ბურთი საჯარიმოში თავით გადაკიდა და ბუმ! ჯუდ ბელინგემი, რომელსაც ცოტა უფერული მატჩი ჰქონდა, ზუსტად იმ დროს გამოჩნდა, როცა ყველაზე მეტად იყო საჭირო. აუხსნელია, რატომ იყო ინგლისელთა ორი ყველაზე სახიფათო ფეხბურთელი უყურადღებოდ (კეინიც იქვე იყო), მაგრამ ეს ჯუდს ნაშრომს არ უკარგავს. ინგლისელთა ახალგაზრდა ლიდერმა ანგარიში მაკრატელა დარტყმით გაათანაბრა! საუთგეიტმა და მთელმა ინგლისმა ამოისუნთქა. თამაშიც დამატებით დროში გადავიდა.

დაიწყო თუ არა პირველი 15 წუთიანი ტაიმი, ინგლისელებმა სახიფათო შეტევა წამოიწყეს. პალმერმა ჯარიმა ჩააწოდა, სლოვაკებმა გამოიტანეს და გადმოგებული ბურთის დარტყმა ეზემ სცადა, რაც ცუდად გამოუვიდა. ზოგი ჭირი მარგებელი რომ არის, ეგ ამბავი ინგლისს აქ გამოადგა. ეზეს ცუდი დარტყმული ასევე ცვლილებაზე გამოსულმა აივან ტონიმ თავით საჯარიმოსკენ გადაკიდა, სადაც პირველი ჰარი კეინი აღმოჩნდა და ინგლისი 91-ე წუთზევე დააწინაურა.

ჩანდა, რომ ამან სლოვაკების თავდაჯერებულობაზე, ძალიან ცუდად იმოქმედა. ორი სახიფათო მომენტი მათაც ჰქონდათ. პირველად ზედ კარის ხაზთან, ზუსტად ბურთს ფეხი მარჯვენა მცველმა, პიტერ პეკარიკმა ვერ მოარტყა და კარს ააცილა. მეორედ კი ცვლილებაზე გამოსულმა ფორვარდმა, რობინ ბოჟენიკმა ცოტა ეგოისტურად ითამაშა და თითქოს კარგი ჩასაწოდებელი სიტუაციიდან, კარში დარტყმა სცადა, რაც ლოგიკურად, არაზუსტი გამოუვიდა.
ინგლისმა მოიგო. მოიგო დიდი გაჭირვებით. ბელინგემის მაგია მხსნელი ფაქტორი აღმოჩნდა. კეინმაც საჭირო დროს გამოანათა და გაიტანა. ბრიტანელებს მეოთხედფინალში შვეიცარიის გამართული და მებრძოლი ნაკრები ელოდებათ. ამ წყვილში, ინგლისილები ფავორიტებად ვერ გამოიყურებიან, მაგრამ მათ უცნაური იღბალი აქვთ. და ბელინგემი ჰყავთ!











