,,სკუადრა აძურა” უბრალოდ ფარსი გუნდი იყო ამ ტურნირზე, მხოლოდ სახელი და ლურჯი ფორმა.
ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის საპლეიოფო ეტაპი იტალიისა და შვეიცარიის ნაკრებების თამაშით გაიხსნა. შვეიცარიის ნაკრები წლიდან წლამდე პროგრესირებს, დიდი ტურნირების სტაბილური მონაწილეა და იქაც მარტივი მეტოქე არავისთვის არის. გასულ ევროპის ჩემპიონატზე, თითქოს საჩემპიონოდ გამზადებული და დომინანტი საფრანგეთის ნაკრები, დრამატული ბრძოლისა და 120 წუთის შემდეგ თერთმეტმეტრიანების სერიაში გააგდო, მიმდინარე ტურნირზე კი ჯგუფურ ეტაპზე მშვენიერი შთაბეჭდილება დატოვა.
იტალიის ნაკრები კი, რომელიც მოქმედი ჩემპიონია, უბრალოდ არ გავს თავის თავს. ტრიუმფალური ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ისევ გამოტოვა მუნდიალი, არადამაჯერებლად გამოიყურებოდა შესარჩევ ეტაპსა და ,,ერთა ლიგაზეც”, ჯგუფურ ეტაპზე კი გაჭირვებით მოუგო ალბანეთს, ესპანეთთან მატჩში მხოლოდ 1-0 რომ წააგო ის უფრო გასაკვირი იყო და მეტი ბურთი რომ არ გაუშვა, დონარუმასა და იღბლის დამსახურება იყო, ხორვატიის ნაკრებთან, ჯგუფის ბოლო შეხვედრაში კი მსაჯმა, ცოტა მოულოდნელად, 8 წუთი დაამატა ძირითად დროს და ამ დამატებულ, ბოლო წუთზე, გატანილი ლამაზი გოლით ჯგუფიდან ძლივს გააღწია. მართალია, ჩემპიონი გუნდიდან, მხოლოდ სამი ფეხბურთელია ამ ნაკრებში დარჩენილი, თაობათა ცვლის მტკივნეული პროცესი მიმდინარეობს და ახალი თაობაც, რბილად რომ ვთქვათ, მთლად კარგი და ხარისხიანი ვერ არის, მაგრამ ის, რაც იტალიის ნაკრების გულშემატკივარს უყვარს და ისტორიულად ამ გუნდის ,,დნმ”-შია, თანამედროვე ნაკრებში, უბრალოდ არ ჩანდა.

მატჩი გუნდებმა ამ მოცემულობით დაიწყეს. შვეიცარიელებმა პირველივე წუთებიდან აგრძნობინეს მეტოქეს, რომ თავს ფავორიტებად გრძნობდნენ და ამის სრული უფლება ჰქონდათ. ბურთის კონტროლი, მკაცრი პრესინგი, მეტოქის გამოკეტვა თავის ნახევარზე – მთელი მატჩის სცენარი ასეთი იყო. ვერ ვიტყვით, რომ მიუხედავად დიდი უპირატესობისა, შვეიცარიელები ბევრ სახიფათო მომენტს ქმნიდნენ, მაგრამ მსგავსი თამაშით რომ იტალიელები ვერაფერს მოახერხებდნენ, აშკარა იყო. დომინაციამ შედეგი 37-ე წუთზე მოიტანა. მარცხენა ფლანგიდან მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის, რუბენ ვარგასის ჭკვიანურ, გამოზომილ ჩაწოდებას ,,ატალანტას” რემო ფროილერი გამოეხმაურა, მეტოქის საჯარიმოში ბურთის დამუშავების დროც მარტივად გამონახა და დონარუმას ახლო მანძილიდან გაუტანა. პირველი ტაიმი შვეიცარიის ნაკრებმა მშვიდად ჩაამთავრა.

მეორე ტაიმის დასაწყისში, იტალიელებმა თითქოს რაღაც ორიგინალური მოიფიქრეს. ცენტრში ბურთი გაითამაშეს, პასი 8 თვის უთამაშებელ ნიკოლო ფაჯოლის დაუტოვეს და თითქმის ყველანი წინ გაიქცნენ. ფაჯოლიმ საშინელი პასი გააკეთა, ბურთი ჯაკამ ჩაუჭრა და კარგი კონტრ-შეტევა წამოიწყო, რომელიც ასისტის ავტორმა, რუბენ ვარგასმა ულამაზესი გოლით, მეორე ტაიმის დაწყებიდან რამდენიმე წამში დაამთავრა. დონარუმა უძლური იყო – ვარგასმა მართლა ძალიან მაგრად შეასრულა.

ამის შემდეგ სპალეტიმ მიმართა ცვლილებებს და შემტევი მოთამაშეები გამოიყვანა, მაგრამ იტალიის ნაკრები ძალიან ულაზათოდ, უენერგიოთ გამოიყურებოდა და რეალურად ერთადერთი სახიფათო მომენტი მხოლოდ მაშინ შექმნა, როცა შვეიცარიის ნაკრების მცველს, ფაბიან შარს ბურთის ჩაჭრის დროს ლაფსუსი მოუვიდა, პასი საკუთარი კარისკენ აეჭრა და გაუმართლა, რომ ბურთი ძელს მოხვდა.
ეს იყო და ეს – არანაირი ბრძოლა, ჟინი, თავგანწირვა. ის თვისებები და დრამატულობა, რაც წაგებისა თუ მოგების შემთხვევაში იტალიის ნაკრების მატჩებს თან ახლავს ხოლმე. საერთოდაც ეჭვი მაქვს, რომ არც იტალიის ნაკრების ქომაგებს ექნებოდათ დიდი იმედგაცრუება (ვაღიარებ, ერთ-ერთი მათგანი მეც ვარ). იტალიის ნაკრებმა წაგება დაიმსახურა, შვეიცარიამ კი ძალიან გამართული ფეხბურთი აჩვენა, მერვედფინალური მატჩი მოქმედ ჩემპიონთან 2-0 მოიგო და შემდეგ ეტაპზე ძალიან დამაჯერებლად გავიდა.











