13 ივნისს NBA-ს ფინალების მესამე მატჩი ტექსასის შტატში, დალასში გაიმართა. მიუხედავად იმისა, რომ მავერიკსის რიგებში, გასული მატჩებისგან განსხვავებით პოზიტივი შეინიშნებოდა, გამარჯვებული მაინც ბოსტონი გამოვიდა.
შეხვედრა ძალიან დრამატული გამოდგა, გაქცევების თამაში იყო. დალასს, ფეთქებადი სტარტი გამოუვიდა, 13 ქულითაც იგებდა, მაგრამ საპასუხოდ არაერთი გაქცევა მიიღო და დიდ შესვენაბზე მხოლოდ 1 ქულიანი უპირატესობით გავიდა. მეორე ტაიმში კელტები უპირატესობას ნელ-ნელა ზრდიდნენ, მატჩის დასრულებამდე 9 წუთით ადრე 21 ქულიანი სხვაობით იგებდნენ და თითქოს ყველაფერი გადაწყვეტილი ჩანდა, როცა დალასმა მეტოქეს 6 წუთიან მონაკვეთში 22-2 გაქცევით უპასუხა. თითქოს სასწაული უნდა მომხდარიყო, როცა ლუკამ გუნდი დააღალატა – სლოვენიელმა შეხვედრის მიწურულს მე-6 პერსონალური შენიშვნა მიიღო და გუნდს გამოაკლდა. ამის შემდეგ ცხადი გახდა, რომ დალასს, რომელსაც ისედაც მწირი რესურსი აქვს, დონჩიჩის გარეშე მატჩის გადარჩენა გაუჭირდებოდა და საბოლოოდ ანგარიშით 99-106 დამარცხდა.

მასპინძელთა რიგებში საუკეთესო კაირი ირვინგი იყო, რომელმაც უფერული ბოსტონური მატჩების შემდეგ საშინაო არენაზე გაიბრწყინა. კაირიმ 35 ქულა ჩააგდო (12/28), 6 მცდელობიდან კი 4 სამქულიანი გამოიყენა, როცა გასვლით შეხვედრებში სამქულიანი საერთოდ არ ჩაუგდია. ანტიგმირი გამოდგა ლუკა დონჩიჩი, რომელმაც საუკეთესო მონაკვეთი ისევ პირველ ტაიმში ჩაატარა, მეორეში კი დაღლა აშკარად დაეტყო. სლოვენიელის ანგარიშზე 27 ქულა (11/27), 6 მოხსნა და 6 შედეგიანი გადაცემა იყო, მაგრამ 6 პერსონალური ჯარიმის მიღება და საკვანძო მომენტში გუნდზე გამოკლება დალასისთვის ლეტალური აღმოჩნდა.
კელტების ლიდერებმა ამჯერად დაგლიჯეს. ჯეისონ ტეიტუმს 31 ქულა ჰქონდა (11/26), რასაც 6 მოხსნა და 5 პასიც დაუმატა. შეუდარებელი იყო ჯეილენ ბრაუნი. ის უდიდეს პრობლემებს უქმნიდა ლუკა დონჩიჩს საკუთარ ნახევარზე, შეტევაში კი მხოლოდ ტეიტუმს ჩამორჩა. ამჯერად მის ანგარიშზე 30 ქულა (12/22) იყო, აქედან 24 დიდი შესვენების შემდეგ აიღო. ასევე 8 მოხსნა და 8 პასი. სამივე მატჩის მოცემულობას თუ ავიღებთ, ბრაუნი ფინალების MVP-ს ჯილდოს მთავარი კანდიდატია. 16 ქულით (4/10) დაეხმარა გუნდს დერიკ ვაითი, 9-9 ქულა კი ჰოლიდეიმ და ჰაუზერმა აკრიფეს.

სელტიკსმა 26 შედეგიანი გადაცემა შეასრულა, როცა დალასს მხოლოდ 15 პასი ჰქონდა. გასულმა მატჩებმა კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ მიუხედავად დონჩიჩი-ირვინგის ფენომენალური დუეტისა, როგორც გუნდი, ბოსტონი მეტოქეზე ბევრად გამართულად თამაშობს და შესაბამისად მაღლაც დგას.
სერია 3-0-დან NBA-ს ისტორიაში არცერთ გუნდს არ დაუქაჩავს. სამწუხაროდ, ფინალებს ინტრიგა აკლია და ბოსტონის ჩემპიონობა, როგორც ჩანს, უკვე დროის საკითხია. დალასს კი ისღა დარჩენია, პრესტიჟის ერთი ან ორი მატჩი მოიგოს და ფინალური მოგზაურობიდან საჭირო გამოცდილება მიიღოს.











