Centered Image

კოპაზე A ჯგუფი ჩამთავრდა

კოპა ამერიკის 2024 წლის გათამაშებაში ჯგუფური ეტაპი დასასრულს მიუახლოვდა და ლოგიკურად, პირველებმა ტურნირის ეს ნაწილი, A ჯგუფის ბინადრებმა დაასრულეს.

არგენტინის ნაკრები, რომელსაც ორი გამარჯვების შემდეგ, მომდევნო ეტაპზე თამაში პირველი ადგილით განაღდებული ჰქონდა, ერთ ქულიან პერუს ნაკრებს დაუპირისპირდა. ვერ ვიტყვით, რომ სკალონიმ გადახალისებული შემადგენლობა გამოიყვანა, მაგრამ ძირითადის რამდენიმე ფეხბურთელმა დაისვენა, მაგალითად კაპიტანმა ლეო მესიმ.

რა თქმა უნდა, ალბისელესტე დიდ უპირატესობას ფლობდა და მომენტებსაც ქმნიდა, თუმცა პერუელთა მეკარე, პედრო გალისე საოცრებებს სჩადიოდა და არგენტინელთა დარტყმებს ცოტა არასტანდარტულად, მაგრამ რაც მთავარია, იგერიებდა.

მეორე ტაიმშიც იგივე სურათი გაგრძელდა. ლეო მესის არყოფნაში, გუნდის შეტევაში ლიდერობა, კაპიტნის სამკლაურით მოთამაშე ანხელ დი მარიამ და ლაუტარო მარტინესმა იტვირთეს. 47-ე წუთზე დი მარიამ ბურთი სახიფათო ზონაში ლო სელსოსგან მიიღო და ლაუტარო მეკარესთან პირისპირ, საუცხოო პასით დატოვა. პერუელებს თამაშგარის წესის არსებობა დაავიწყდათ, მარტინესი უყურადღებოთ დატოვეს და ამ უკანასკნელმაც, მეკარეს ეფექტურად თავზე გადაუგდო.

ალბისელესტეს ზეწოლა არ შეუწყვეტია. ერთი გოლი ტალიაფიკოს არ ჩაუთვალეს, თუმცა ლეგალურად. 74-ე წუთზე, მონტიელის მოპოვებული თერთმეტმეტრიანი ლეანდრო პარედესმა შეასრულა და უძლიერესი დარტყმით შესრულებული პენალტი ძელს მოარტყა.

პერუელებმა თითქოს გაიბრძოლეს, როცა არგენტინელებმა ბურთი საკუთარი ნახევრიდან ორ მცველს შორის მოქცეულ ლაუტაროს გადაუგდეს, რომელმაც ჯარიმის ზღვარზე ითამაშა, როგორღაც ბურთი დაამუშავა და გალისეს თავზე მეორედ გადაუგდო. 86-ე წუთზე ანგარიში 2-0 გახდა, რის შემდეგაც არგენტინამ გამარჯვებამდე საქმე მშვიდად მიიყვანა და ჯგუფური ეტაპი ტრიუმფალურად, 9 ქულით, 5 გატანილი გოლითა და მშრალი კარით დაასრულა.

A ჯგუფის მეორე შეხვედრაში ერთმანეთს დებიუტანტი კანადისა და მებრძოლი ჩილეს ნაკრებები დაუპირისპირდნენ. კლასიკური, სამხრეთული თამაში გამოვიდა, ბევრი უხეშობით, ბარათებითა და ნახევარმომენტებით, სადაც კანადელებმა სასურველ ფრეს მიაღწიეს. ჩილელთაგან ,,ტულუზას” გაბრიელ სუაზომ 27-ე წუთისთვის მეორე ყვითელი ბარათის მიღება მოახერხა და გუნდი უმცირესობაში დატოვა. ამის შემდეგ კანადელებს სასურველი შედეგის მიღება უფრო გაუმარტივდათ და ნულოვანი ფრე მივიღეთ.

არგენტინა ჯგუფიდან უდანაკარგოთ გავიდა. მშვენიერი დებიუტი გამოუვიდა კანადის ახალგაზრდულ და სიმპატიურ ნაკრებს, რომელმაც 4 ქულით შემდეგ ეტაპზე გამსვლელი, მეორე ადგილი დაიმსახურა. ჩილელებმა ორი უსახელო ფრე ითამაშეს და მესამე ადგილს დასჯერდნენ, პერუს ნაკრებმა კი მხოლოდ ერთი ქულა აიღო და ჯგუფური ეტაპი ბოლო ადგილზე დაასრულა.

  • “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

    “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

  • ალკარასი როლან გაროს ფინალშია

    ალკარასი როლან გაროს ფინალშია

  • პირველად 2020-ის შემდეგ

    პირველად 2020-ის შემდეგ

  • დედოფალი იგა

    დედოფალი იგა

  • იმედგაცრუება და ანტირეკორდი

    იმედგაცრუება და ანტირეკორდი

Discover more from AmbassadoriSport

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading