ოკეანის მიღმა ჯგუფური ეტაპის მეორე ტურიც დასრულდა.
A ჯგუფში თავისთვის ისტორიული მატჩი გამოუვიდა კანადის ნაკრებს, რომელიც მუდამ სიმპატიურ პერუს ნაკრებს უპირისპირდებოდა. სამხრეთელები უპირატესობას ფლობდნენ, მეტად ეტყობოდათ, რომ ფეხბურთი, თითქოს უფრო მათი საქმეა, მაგრამ გოლის ლეგალურად გატანა, ვერ მოახერხეს. ჯანლუკა ლაპადულას გოლი, თამაშგარის გამო, ობიექტურად გაუუქმეს. პერუელთა პრობლემა ისევ სათამაშო დისციპლინაა. ზედიზედ მეორე შეხვედრაში პერუელებმა წითელი ბარათი მიიღეს. 59-ე წუთზე მსაჯმა მიგელ არაუხო ძალიან უხეში თამაშის შემდეგ მოედნიდან პირდაპირ გააძევა. ამას კანადელთა გამხნევება და შესანიშნავი კონტრ-შეტევა მოჰყვა, რომელიც გუნდის ათიანმა და ლიდერმა, ჯონათან დეივიდმა 74-ე წუთზე გოლად აქცია და კანადის ისტორიაში შევიდა, როგორც პირველი გოლის ავტორი კოპა ამერიკაზე. ამის შემდეგ პერუელებს 10 კაცით ძალა აღარ ეყოთ გოლის გასატანად, კანადელებმა კი აღნიშნულ ტურნირზე ისტორიაში პირველი ქულები და გამარჯვება გაიფორმეს.

A ჯგუფში ასპარეზობს ტურნირის მთავარი ფავორიტი და მოქმედი ჩემპიონი, თვით ლეო მესის არგენტინის ნაკრები, რომელიც მათთვის მუდამ უხერხულ მეტოქეს, ჩილეს ნაკრებს უპირისპირდებოდა. ჩილეს ის ბრწყინვალე თაობა, რომელმაც ზედიზედ ორჯერ მოახერხა კოპას მოგება, უკვე დაუბერდა და მთლად შთამბეჭდავად ვერ გამოიყურება. არგენტინელებს ბევრი მომენტი ჰქონდათ, თუმცა ჩილელთა მეკარე და კაპიტანი, კლაუდიო ბრავო არ აძლევდა მათ გოლის გატანის საშუალებას, სანამ 88-ე წუთზე მოწოდებული კუთხურის შემდეგ საჯარიმოში არეულობით ცვლილებაზე გამოსულმა ლაუტარო მარტინესმა არ ისარგებლა და მეტოქის კარი არ გახვრიტა.

არგენტინელებს 6 ქულა აქვთ და ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრას მშვიდად ჩაატარებენ. 3 ქულა მოუგროვდათ კანადელებს, პერუ და ჩილე კი ერთმანეთში ნათამაშები ფრის ხარჯზე თითო ქულის ამარა არიან.
B ჯგუფში ეკვადორის ნაკრები იამაიკას დაუპირისპირდა და მიუხედავად ლიდერისა და კაპიტნის, ენერ ვალენსიას არ ყოფნისა, ეკვადორელებმა გამარჯვება მოახერხეს. ანგარიში ,,ბაიერის” მცველმა, პიერო ჰინკაპიემ საოცარი გოლით გახსნა, როცა მარცხენა ფლანგიდან ალბათ ჩაწოდებას ლამობდა და რიკოშეტმა მისდა სასიკეთოთ იმუშავა, ამის გამო მატჩის მე-13 წუთზე გასული ბრწყინვალე გოლი იამაიკელი კეისი პალმერის ავტოგოლად ტრანსფორმირდა. პირველ ტაიმში მსაჯის მიერ კომპენსირებულ მე-4 წუთზე თერთმეტმეტრიანი გოლად აქცია ეკვადორელთა ათიანმა, კენდრი პაეზმა და შესვენებაზე გუნდი ორბურთიანი უპირატესობით გაიყვანა. მეორე ტაიმში იამაიკელებმა ,,კოპა ამერიკას” ისტორიაში თავიანთი პირველი გოლი გაიტანეს. თავი გუნდის მთავარმა ვარსკვლავმა, ,,ვესტ ჰემის” მაიკლ ანტონიომ 54-ე წუთზე გამოიჩინა. შეხვედრაში წერტილი 91-ე წუთზე ალან მინდამ დასვა, რომელმაც იამაიკელთა უხეირო კუთხურის შემდეგ ბურთი თავისი ნახევრიდან დრიბლინგით წაიღო და საბოლოო ანგარიში, 3-1 ლამაზი დარტყმის შემდეგ დააფიქსირა.

B ჯგუფის მეორე შეხვედრაში ერთმანეთს მექსიკისა და ვენესუელას ნაკრებები უპირისპირდებოდნენ. მიუხედავად იმისა, რომ მექსიკელები უპირატესობას ფლობდნენ და კარისკენ 17-ჯერ დაარტყეს, გოლი ვერ გაიტანეს და დაისაჯნენ. ერთადერთი გოლი ვენესუელელთა ლიდერმა, სოლომონ რონდონმა მატჩის 57-ე წუთზე, თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან გაიტანა და თავის გუნდს მძიმე გამარჯვება მოუტანა.

ორი ტურის შემდეგ B ჯგუფიდან შემდეგ ეტაპზე გასვლა ვენესუელამ უკვე გაინაღდა, რადგანაც 6 ქულა აქვთ. 0 ქულით უშანსოდ რჩება იამაიკის ნაკრები, 3-3 ქულის მქონე ეკვადორისა და მექსიკის ნაკრებები კი ჯგუფის მეორე ადგილოსნის ბედს დასკვნით ტურში, ურთიერთშეხვედრაში გაარკვევენ.
C ჯგუფში ძალიან დამაჯერებლად გამოიყურება ურუგვაის ნაკრები, რომელმაც გააცამტვერა ბოლივიის ნარკები. როგორც ჩანს, ურუგვაელთა მუდამ მებრძოლი გუნდი მარსელო ,,ლოკო” ბიელსას იდეებს კარგად ერგებიან. გოლები ფაკუნდო პელისტრიმ (მე-8 წუთზე), დარვინ ნუნიესმა (21-ე წუთზე), მარტინ არაუხომ (77-ე წუთზე), ფედე ვალვერდემ (81-ე წუთზე) და როდრიგო ბენტანკურმა (89-ე წუთზე) გაიტანეს. შეხვედრაში 83-ე წუთიდან ცვლილებაზე გამოვიდა ურუგვაელთა ლეგენდა, ლუის სუარეზი, რომელსაც რა თქმა უნდა მაყურებელი დიდი ოვაციებით შეხვდა.

C ჯგუფის მეორე შეხვედრაში ერთმანეთს პანამისა და მასპინძელი აშშ-ს ნაკრებები უპირისპირდებოდნენ. მატჩი მასპინძელთათვის ცუდად დაიწყო. ჯერ ვესტონ მაკ-კენის გოლი მე-5 წუთზე გაუუქმეს (სამართლიანად), შემდეგ კი ტიმოთი ვეამ მე-18 წუთზე პირდაპირ წითელი ბარათი მიიღო და გუნდი კაცნაკლული დატოვა. მიუხედავად ამისა, 10 კაცით დარჩენილმა ამერიკის ნაკრებმა ანგარიშის გახსნა მოახერხა. 22-ე წუთზე ფოლარინ ბალოგუნმა მარცხენათი სასწაულად გაისროლა და ულამაზესი გოლი გაიტანა. ამერიკელთა სიხარული დიდი ხნით ვერ გაგრძელდა, რადგანაც პანამელთა ცესარ ბლეკმენმა 4 წუთში ანგარიში გაათანაბრა. მატჩი პანამელთა უპირატესობით გაგრძელდა და მეორე ტაიმის მიწურულს მომგებიანი გოლის გატანაც მოახერხეს. თავი 83-ე წუთზე ხოსე ნელსონ ფახარდომ გამოიჩინა. ამის შემდეგ ამერიკელებს მცდელობები ჰქონდათ, პანამელებს კი 88-ე წუთზე ადალბერტო კარასკილია გაუძევეს, პულიშიჩის წინააღმდეგ ძალიან უხეში თამაშის გამო. მასპინძლებმა გოლის გატანა ვეღარ მოახერხეს და პანამელებმა შეხვედრა დიდი ბრძოლის შემდეგ მოიგეს.

ორი ტურის შემდეგ C ჯგუფში ურუგვაის ნაკრები დამაჯერებლად ლიდერობს. მიუხედავად იმისა, რომ მათ 6 ქულა აქვთ, ჯერ შემდეგ ეტაპზე ოფიციალურად არ გასულან, მაგრამ რთულად წარმოსადგენია მსგავსი ვითარებიდან ჯგუფში ჩარჩნენ. 3-3 ქულა აქვთ ამერიკისა და პანამის ნაკრებებებს, 0 ქულით კი ჯგუფის უიმედო აუტსაიდერი ბოლივიის ნაკრებია.
D ჯგუფში დამაჯერებელ ასპარეზობას აგრძელებს კოლუმბიის ნაკრები, რომელმაც კოსტა-რიკა გაანადგურა. ანგარიში 31-ე წუთზე შეხვედრის საუკეთესო მოთამაშემ, ლუის დიასმა, უზადოდ შესრულებული თერთმეტმეტრიანის შემდეგ გახსნა. ამას მოჰყვა კუთხურიდან ცენტრალური მცველის, დავინსონ სანჩესის თავური დარტყმის შემდეგ 59-ე წუთზე გატანილი გოლი. კოსტა-რიკელთა რბევას წერტილი ჯონ კორდობამ 62-ე წუთზე დაუსვა. კოლუმბიელებმა 3-0 მოიგეს, უკვე 6 ქულა აქვთ ბრაზილიასთან მატჩის წინ ჯგუფიდან უკვე გასულები არიან.

ტურის ბოლო შეხვედრაში ბრაზილიის ნაკრები პარაგვაის დაუპირისპირდა და დამაჯერებლად იმარჯვა. 31-ე წუთზე ლუკას პაკეტამ თერთმეტმეტრიანი კარს ააცილა, მაგრამ 4 წუთში ვინისიუს ჟუნიორს საოცარი საგოლე პასი გაუკეთა, ერთ-ერთზე დატოვა მეკარესთან და შეცდომა ნაწილობრივ გამოასწორა. თავის მხრივ ვინიმაც შეასრულა და სადებიუტო გოლი გაიტანა. ამას მოჰყვა მასირებული შეტევების ტალღა და ძირითადში მარჯვენა ვინგერად გამწესებული სავიოს გოლი 43-ე წუთზე. ტაიმის ბოლოს, მსაჯის მიერ დამატებულ მე-5 წუთზე როდრიგომ ცენტრალურ მცველს, ომარ ალდერეტეს შეცდომა კარის სიახლოვეს დააშვებინა, რითაც ვინისიუსმა ისარგებლა და უპირატესობა სამამდე გაზარდა. სამაგიეროდ, მეორე ტაიმის სტარტზე ალდერეტემ შეცდომა გამოასწორა და შორიდან საოცარი გასროლით 48-ე წუთზე ანგარიშში სხვაობა შეამცირა. ბრაზილიელებმა მასირებული შეტევები განაგრძეს და კიდევ ერთი თერთმეტმეტრიანის შესრულების უფლება მოიპოვეს. ლუკას პაკეტა ამჯერად არ შეცდა, გოლი გაიტანა და 65-ე წუთზე მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

D ჯგუფიდან გასვლა განაღდებული აქვს 6 ქულის მქონე კოლუმბიის ნაკრებს. მათ ბრაზილიელები 4 ქულით მისდევენ, რომელთაც ბოლო ტურში უმოტივაციო კოლუმბიასთან ფრეც ჰყოფნით ჯგუფიდან გასასვლელად. 1 ქულა აქვს კოსტა რიკის ნაკრებს, რომელმაც კოლუმბიას უნდა უგულშემატკივროს, თვითონ კი 0 ქულიანი და უმოტივაცია პარაგვაელთა დამარცხება ძალიან დიდი სხვაობით უნდა მოახერხონ.











