საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები მიმდინარე შეკრებას იტალიის ქალაქ ტრევიზოში გადის, სადაც მთავარი მწვრთნელის, ალექსანდრ ძიკიჩის განკარგულებაში ამჟამად 15 მოთამაშეა. თბილისურ შეკრებაზე სერბმა სპეციალისტმა 20 კალათბურთელი იხმო, მაგრამ სელექციის შემდეგ 5 მათგანი, ამჟამად ნაკრების მიღმა დარჩა.
სანდრო მამუკელაშვილი 13 ივნისს, მილანში თორნიკე შენგელიას ,,ვირტუსის” ფინალურ შეხვედრას დაესწრო, სადაც სამწუხაროდ ბოლონიელები დამარცხდნენ. როგორც სანდროს ,,ინსტაგრამ” გვერდზე ვნახეთ, ადგილობრივმა სპორტულმა ჟურნალისტმა მას ინტერვიუ იტალიურად ჩამოართვა, რითაც ცოტათი გაკვირვებული ჩანდა. სანდრო 14 წლიდან იტალიაში, უმაღლეს სკოლაში იღებდა განათლებას და ეს გასაკვირი არც არის.
თორნიკემ სეზონი დაასრულა, შესაბამისად ის და მამუკელაშვილი გუნდს შეუერთდნენ. გოგა ბითაძეც და სანდრო მამუკელაშვილიც NBA-ს რეგულაციების შესაბამისად, უკონტაქტოდ ვარჯიშობენ და აქტიურად დატვირთვის საშუალება ნაკლებად აქვთ, თუმცა ის ფაქტი, რომ გუნდთან ერთად არიან ძალიან პოზიტიური ამბავია.

საფრანგეთის ჩემპიონი გახდა ნაკრების ყოფილი კალათბურთელი, ამჟამად კი ,,მონაკოსა” და საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბის წევრი მანუჩარ მარკოიშვილი, რომელიც ნაკრებს ასევე დაგვიანებით შეურთდა.
ერთადერთი მოთამაშე, რომელსაც ნაკრები ელოდება, ჩვენი ლეგიონერი, ჯო ტომასონია. თელ-ავივის ,,მაკაბი” ამჟამად ისრაელის ჩემპიონატის ფინალშია, 13 ივნისს კი სერიაში პირველი შეხვედრა ასევე თელ-ავივის ,,ჰაპოელთან” 84-76 მოიგო. ტომასონმა 6 წუთი ითამაშა და 1 მოხსნა გააკეთა. მისი შეკრებაზე გამოჩენის თარიღი აღნიშნული სერიის ხანგრძლივობაზეა დამოკიდებული.
ნაკრები იტალიაში აქტიურ მზადებას გააგრძელებს და ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის ამხანაგურ მატჩებში ითამაშებს. ქალაქ ტრენტოში 23 ივნისს ჩვენი გუნდი ჯერ იტალიის ნაკრებთან ითამაშებს, 26 ივნისს ეგვიპტის, 28 ივნისს კი კამერუნის ნაკრებ გუნდებს დაუპირისპირდება.
ამის შემდეგ გუნდი ლატვიის დედაქალაქ რიგაში გადაინაცვლებს და ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირისთვის მოემზადება. პირველ ოფიციალურ შეხვედრას ჩვენი გუნდი 2 ივლისს, თბილისის დროით 20:00 საათზე ტურნირის მასპინძელ, ლატვიის უძლიერეს ნაკრებთან გამართავს.











