იეგოიანი სანაკრებო მატჩებში ჩვენი ნაკრებისთვის ერთ-ერთი წამყვანი ძალა უნდა იყოს.
ნიდერლანდების ჩემპიონატის მე-5 ტურში ირაკლი იეგოიანის ექსელსიორი ვილემ II-ს გასვლაზე დაუპირისპირდა და ძალიან დამაჯერებლად, 0:3 მოიგო. სასიხარულოა, რომ ირაკლი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად უაპელაციოდ დასახელდა და ზოგადად, ძალიან კარგ ფორმაშია.

ანგარიში ექსელსიორმა მე-8 წუთზე, გარდენის გოლით გახსნა, მაგრამ მთავარი წვლილი ამ გოლში სწორედ იეგოიანმა შეიტანა, როცა მის ფლანგურ გარღვევას იდეალური პასი და შემდეგ გოლი მოჰყვა.
34-ე წუთზე რიკ მაისენმა სტუმართა უპირატესობა გაზარდა, 85-ე წუთზე კი ქართველმა შემტევმა კიდევ ერთხელ შეასრულა ეფექტური დრიბლინგი და ძალიან ლამაზი გოლი, ამჯერად უკვე თავად გაიტანა.

4 მატჩის შემდეგ ექსელსიორი ძალიან კარგად გამოიყურება, მე-4 ადგილზეა და 9 ქულა აქვს. ამაში ირაკლის გადამწყვეტი როლი აქვს, რადგანაც მის ანგარიშზე უკვე 2 გატანილი გოლი და 3 საგოლე პასია.
წარმატებები ირაკლი იეგოიანს!











