26 ივნისის საღამო ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპის ბოლო სათამაშო დღეა. პირველ ნაწილში E ჯგუფის გუნდები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, სადაც ოთხივე გუნდს 3-3 ქულა ჰქონდა და ორივე მატჩს დიდი დაძაბულობა ახლდა თან.
სლოვაკეთისა და რუმინეთის შეხვედრაში ყველაფერი თითქოს წინასწარ განსაზღვრული ჩანდა, რადგანაც ფრის შემთხვევაში ორივე გუნდს შემდეგ ეტაპზე გასვლა გარანტირებული ჰქონდა, მაგრამ მეორე მატჩის შედეგის მიხედვით, არცერთს უნდოდა მეორე-მესამე ადგილზე გასვლა და თავიდანვე საფრანგეთთან დაპირისპირება.
შეხვედრა თანაბარ ტემპში წარიმართა და მომენტები ორივე მხარეს იქმნებოდა. ანგარიში სლოვაკებმა გახსნეს. 24-ე წუთზე ონდრეი დუდას დარტყმა შედეგიანი აღმოჩნდა.
რუმინელები გონს მალევე მოეგნენ და ანგარიში 37-ე წუთზე ,,ემპოლის” რაზვან მარინმა გაათანაბრა. შეხვედრა ისევ ორმხრივი შეტევების რეჟიმში, უძლიერესი წვიმის ფონზე წარიმართა და საბოლოოდ მაინც ისეთი ანგარიშით დასრულდა, რომელიც ორივე გუნდს ხელს აძლევდა.

მეორე შეხვედრაში კი უკრაინის ნაკრები ბელგიას დაუპირისპირდა. ფრის შემთხვევაში უკრაინელებს მეორე შეხვედრის ფრე არ აწყობდათ, ბელგიელებისთვის კი წაგება ჯგუფში ჩარჩენის ტოლფასი იყო.
დაახლოებით 70 წუთი შეხვედრა დაბალ ტემპში მიმდინარეობდა, რადგანაც უკრაინა ვერ რისკავდა და ყოფილი მეტოქეების იმედად იყო, ბელგიელები კი რისკზე არ მიდიოდნენ, მაგრამ პატარ-პატარა მომენტები შეიქმნა.
მატჩის დასვკნით 15-20 წუთში უკრაინელები მეტოქეს მაგრად მიაწვნენ და რამდენიმე ძალიან სახიფათო მომენტი შექმნეს. მალინოვსკიმ ჯერ კუთხური კინაღამ ჩაახვია, მერე კი მისი უძლიერესი დარტყმა კასტანმა დაბლოკა და ბელგიელი მცველი კინაღამ შემოაკვდა. ორი კარგი მომენტი ჰქონდა არტიომ დოვბიკსაც, მაგრამ მის წინააღმდეგ ყველაზე დიდი ყურადღებით თამაშობდნენ.

საბოლოოდ ნულოვანი ფრე დაფიქსირდა და სამწუხაროდ, მას შემდეგ, რაც ევროპის ჩემპიონატი 24 გუნდიან ფორმატზე გადაერთო, უკრაინის ნაკრები გახდა პირველი გუნდი, რომელიც 4 ქულით ჯგუფიდან ვერ გავიდა. ამ მოცემულობით რუმინელებმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეს, მესამე ადგილზე სლოვაკეთი გავიდა, ბელგიელებს კი მეორე ადგილი და მეტოქედ საფრანგეთი ერგოთ. ერთი სუპერ-აფიშა მერვედფინალში უკვე გარანტირებული გვაქვს











