ბრუკლინში 2024 წლის დრაფტი შედგა.
როგორც მოსალოდნელი იყო, პირველი და მეორე პიკები ფრანგმა მოთამაშეებმა გაინაწილეს. გასარკვევი ის იყო, თუ ვინ რომელი იქნებოდა. „ატლანტა“, რომელმაც პირველად ბოლო ათწლეულებში, უმაღლესი არჩევანი დაირტყა დრაფტის ლატარეაში, ორ ფრანგ – ზაკარი რისაშეს და ალექს სარს შორის წყვეტდა.
რისაშე, რომელიც მთელი სეზონი პროფესიონალურ დონეზე ასპარეზობდა, ე.წ. 3&D ფრთაა. მას კარგი სეზონის შემდეგ, ჯერ ევროთასის პლეიოფი ჩაუვარდა, შემდეგ კი საფრანგეთის შიდა ჩემპიონატის. თუმცა „ბურგ ენ ბრესის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თავისი თამაში, ყველაზე მნიშვნელოვან დროს, საფრანგეთის ჩემპიონატის ნახევარფინალში იპოვა, სადაც გუნდი მრისხანე „მონაკოს“ უპირისპირდებოდა. ამ სერიაში რისაშემ ორი 20+ ქულიანი მატჩით ფაქტობრივად გაინაღდა ფურცელზე საკმაოდ სუსტი დრაფტის პირველნომრობა.

სარი, მეორე მხრივ, საკმაოდ მოკრძალებული იყო ავსტრალიის ჩემპიონატის პლეიოფებში „პერტის“ შემადგენლობაში. პლიუს მან „ატლანტას“ უარი უთხრა წინასადრაფტო შემოწმებაზე და მხოლოდ „ვაშინგტონს“ მისცა სრული სამედიცინო გამოკვლევის უფლება, რითიც ფაქტობრივად მიანიშნა, რომ მას მხოლოდ „ვიზარდში“ თამაში სურდა. ასეც მოხდა, მეორე ნომრად დედაქალაქელებმა სწორედ ფრანგი ცენტრი აიყვანეს.

მესამე ნომრად ნბა-ში ტრადიციულად წარმატებულად მოასპარეზე „კენტაკის“ “პატარების” ხაზი გაგრძელდა. რიდ შეპარდი, თავისი სტუდენტური 52.5 % პერიმეტრიდან იყო „ჰიუსტონის“ რჩეული.

„სან ანტონიომ“ მეოთხე პიკად სტეფონ კასლი აირჩია. კონეკტიკუტის ფრთას ჯრუ ჰოლიდეის თანამედროვე ვერსიად მოიხსენიებენ და მისი ტიპის მოთამაშეს „სპერსის“ სისტემაში არ უნდა გაუჭირდეს.

საკამათო იყო ტრადიციულად „დეტროიტის“ არჩევანი. ჯი ლიგაში მოასპარეზეებიდან, უფრო მაღლა, ბუზელისს ელოდნენ, თუმცა სეზონჩაგდებული რონ ჰოლანდი ამჯობინა „პისტონზის“ ახალმა გენ. მენეჯერმა, ტრაჯან ლენგდონმა. აღსანიშნავია, რომ მეორე ჯილიგერი, მატას ბუზელისი, მშობლიურ ჩიკაგოში გაემგზავრა, რამაც მთელი მისი ოჯახის კოლოსალური ემოციები გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ლიეტუვური წარმოშობის ილინოისელს ბევრად მაღლა ელოდნენ, დრაფტზე ვარდნა და ხელფასის შემცირებამ მატასი მხოლოდ გაახარა, რადგან ბავშვობის ფავორიტ გუნდში ასპარეზობის ბედნიერება საკმაოდ იშვიათი ფუფუნებაა.

ქვედა ნომრებიდან, აღსანიშნავია „მინესოტა“, რომელმაც შორეული 2031 წლის პიკი გაუცვალა „სან ანტონიოს“ ამ სეზონის მერვეში და „კენტაკის“ კიდევ ერთი პროდუქტი, რობ დილინგჰემი აირჩია. როგორც ივარაუდება, დილინგჰემი მალევე ჩაჯდება „მგლების“ როტაციაში და სამომავლოდ, ვეტერანი კონლის ჩანაცველბასაც მოახერხებს.

დრაფტზე აიწია კიდევ ერთმა საპლეიოფო გუნდმა „დენვერმა“. სკამის გაძლიერება, განსაკუთრებით კი წინა ხაზზე, იყო კიდეც ერთ-ერთი პრიორიტეტი და მენეჯმენტის გადაწყვეტილების მიხედვით, კოლორადოელებს უღირდათ ამ სეზონის პირველი რაუნდის და კიდევ ჯამში მეორე რაუნდის სამ პიკად ჰოლმს მეორეს არჩევა. იგულისხმება, რომ დროთა განმავლობაში, ის ნიკოლა იოკიჩის დამსვენებლად უნდა ჩამოყალიბდეს და როტაციიდან ამოვარდნილი ზაკ ნაჯის ადგილი დაიკავოს.
საინტერესო იყო „ოკლაჰომას“ არჩევანიც. „ტანდერმა“, მეთორმეტე ნომრად, დრაფტის საუკეთესო მეპასე, ნიკოლა ტოპიჩი აირჩია. ეს კი იმის ფონზე მოხდა, რომ სერბი გარანტირებულად გამოტოვებს 2024-25 წლების სეზონს ჯვარედინა მყესების გაწყვეტის გამო.

იღბლიანი ჩანს დრაფტი „ლეიკერსისთვის“. „ტბის ბინადრებმა“ მეჩვიდმეტე პიკად დელტონ კნეხტი აირჩიეს. „ტენესის“ ვარსკვლავი პირველი რაუნდის ყველაზე „ხანდაზმული“ წევრი იყო თავისი 23 წლით. თუმცა ერთ-ერთი ყველაზე შემდგარიც. დრაფტის გამორჩეულ შუთერს, ასე დაბლა, „ლეიკერსის“ მენეჯერი პელინკაც არ ელოდა, რომლის თქმითაც, გუნდმა კნეხტთან ვარჯიშებიც კი არ გაიარა, რადგან ის ბევრად მაღალ პიკად უნდა წასულიყო.

რისკიანი არჩევანი გააკეთა „მემფისმა“ მათ სტუდენტური კალათბურთის ნამდვილი ლეგენდა, კანადელი ზაკ იდი აირჩიეს მეცხრე პიკად. „მემფისს“, იმის შემდეგ, რაც გუნდმა სტივენ ადამსი დაკარგა, მისი შემცვლელი კი არ მოიძებნა, ცენტრის პოზიციის გაძლიერების კატასტროფული საჭიროება ედგა. გუნდს დრაფტზე აწევის მცდელობაც ჰქონდა, რომ ნბა-სთვის უფრო მორგებული კლინგანი აერჩიათ, მაგრამ კონექტიკუტის ბიგმენი „პორტლენდმა“ წაიყვანა. ძლიერი ცენტრებიდან დრაფტზე კამერუნელი ივ მისი და ზაკ იდი რჩებოდნენ. იმის გათვალისწინებით, რომ აფრიკელმა მაღალმა, კალათბურთის თამაში სამი წლის წინ ისწავლა და მისი რეალური ასაკიც კითხვის ნიშნებს ტოვებდა, არჩევანი მაინც სტუდენტების ლიგის ორგზის MVP -იზე გაკეთდა. კანადელი გიგანტის სიმაღლე 226 სანტიმეტრია და მისი თანამედროვე კალათბურთთან მორგების საკითხი საეჭვოდ მოჩანს.

პირველ რაუნდში, როგორც მოსალოდნელი იყო, არ აურჩევიათ ლებრონის შვილი, ბრონი ჯეიმსი. საერთო მოლოდინით, ის 55-ე პიკად, ხვალ ღამე იქნება არჩეული “ლეიკერსის” მიერ.
უნდა ითქვას, რომ პირველად დრაფტების ისტორიაში, საწყისი ორი პიკი არაამერიკელმა კალათბურთელებმა გაინაწილეს. ასევე პირველად მოხდა, რომ ტოპ ორში არ მოხვდა არც ერთი სტუდენტი.
პირველ რაუნდში სულ ოთხი ფრანგი აირჩიეს, რაც ასევე პირველად დაფიქსირდა. რისაშეს და სარის გარდა, სალუნი და დადიე შესაბამისად „შარლოტსა“ და ნიქსში“ გაემართნენ.











